რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნიჟნი ტაგილში თათბირის შემდეგ განაცხადა, რომ სირიაში ჩამოგდებული სუ–24–ის შტურმანი ნაპოვნია. ქვეყნის ლიდერმა ასევე სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ბომბარდირისა და ვერტმფრენის ეკიპაჟების დაჯილდოვებაზეც ისაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "воздух-воздух" ტიპის რაკეტით ჩამოგდებული სუ–24–ის უგზო–უკვლოდ დაკარგული შტურმანი გადარჩენილია და რუსეთის ავიაბაზაზეა გადაყვანილი.
"შტურმანი, ის გადარჩენილია, ვფიქრობ, რომ ის უკვე აეროდრომზე, ჩვენს ბაზაზე იმყოფება. და მასაც, როგორც ოპერაციის ყველა სხვა მონაწილეს, მათ შორის სამაშველო ოპერაციისაც, სახელმწიფო ჯილდო გადაეცემათ. ხომალდის მეთაური დაჯილდოვდება გმირის ვარსკვლავით", – აღნიშნა მან.
შტურმანი სირიის სახელმწიფო არმიამ შენიშნა სამძებრო–სამაშველო ოპერაციისას, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაიწყო, იუწყება სააგენტო Ruptly.
სამშაბათს სირიაში ჩამოვარდა რუსული თვითმფინავი სუ–24. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი თურქულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო და ის სირიაში თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში დაეცა. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა ერთ–ერთი მათგანი ჰაერშივე მოკვდა ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის გამო. სამაშველო ოპერაციისას ერთ–ერთმა ვერტმფრენმა ცეცხლსასრული იარაღიდან დაცხრილვის გამო დაზიანება მიიღო და ნეიტრალურ ტერიტორიაზე იძულებით დაეშვა. დაიღუპა ერთი კონტრაქტორი ქვეითი მეზღვაური.