თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სირიაში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ რუსული თვითმფრინავის Су —24-ის ჩამოგდების შედეგად, თვითმფრინავის მეთაური და საზღვაო ქვეითი, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, დაიღუპნენ. თვითმფრინავის მეორე პილოტი გადაარჩინეს და რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ოთხშაბათს სამხედრო უწყების კოლეგიის სხდომაზე.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, Су —24-ის მეთაურს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა, ხოლო გადარჩენილი შტურმანი და დაღუპული საზღვაო ქვეითი სიმამაცის ორდენით დაჯილდოვდნენ.
პრეზიდენტმა ასევე მოიწონა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უახლესი სისტემის С-400-ის განთავსების თაობაზე. ის, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ კომპლექს „ფორტთან“ ერთად, რომელიც ოთხშაბათს სირიის სანაპიროს მიადგა, რუსული ავიაჯგუფის ფრენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და გაანადგურებს მისთვის საფრთხის მქონე ნებისმიერ მიზანს.
სამშაბათს რუსული თვითმფრინავი Су —24 სირიაში ჩამოაგდეს. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს რაკეტა თურქულმა F-16-მა სირიის თავზე ესროლა და სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ამას ტერორისტები ხელშემწყობთა მხრიდან „ზურგში დარტყმა“ უწოდა.
შტურმანი გადარჩენილია
შოიგუს განცხადებით, ბომბდამშენ Су —24-ის შტურმანის გადარჩენის ოპერაციაში რუსეთ-სირიის სპეცრაზმი მონაწილეობდა.
„ოპერაცია წარმატებით დასრულდა. შტურმანი ჩვენს ბაზას დაუბრუნდა. ცოცხალია, ჯანმრთელია“, — განაცხადა მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ოპერაცია 12 საათი გრძელდებოდა. მან მადლობა გადაუხადა „ბიჭებს, რომლებიც დიდი რისკის ფასად, მთელი ღამე მუშაობდნენ“.
შოიგუმ ოპერაციის წარმატებით დასრულების შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აცნობა. მან მინისტრს ამ ოპერაციაში მონაწილე მთელი პირადი შემადგენლობისთვის მადლობის გამოცხადება დაავალა.
„თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი პანკოვს ვთხოვ, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს დაღუპულთა ოჯახებს, ბავშვებს, გააკეთოს ის, რაც ასეთ შემთხვევებში კეთდება და შემდეგ მომახსენოს“, — დასძინა შოიგუმ.
გმირები დაჯილდოვდებიან
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ Су —24-ის მეთაური კატაპულტირების შემდეგ მოკლეს, ხოლო ერთი საზღვაო ქვეითი მაშინ დაიღუპა, როდესაც მფრინავთა გადასარჩენ ოპერაციაში მონაწილეობდა და ვერტმფრენ Ми —8-ის ბორტზე იმყოფებდა, ვერტმფრენს კი ცეცხლი გაუხსნეს.
პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სირიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები, ასევე გადარჩენილი შტურმანი და სამაშველო ოპერაციის მონაწილეები სახელმწიფო ჯილდოზე იქნებიან წარდგენილნი. მისი თქმით, ამ ინიციატივით თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა.
მოგვიანებით კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც Су —24-ის მეთაურს ოლეგ პეშკოვს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა, ხოლო სამხედრო მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისათვის კაპიტანი კონსტანტინ მურახტინი და მატროსი ალექსანდრ პოზინიჩი (გარდაცვალების შემდეგ) სიმამაცის ორდენებით დაჯილდოვდნენ.
დაუყოვნებლივი რეაქცია
რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ სირიაში სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვასთან დაკავშირებით საპასუხო ზომები არ დააყოვნა. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ საბრძოლო მორიგეობას ლატაკიის სანაპირო ნაწილში განახორციელებს და მზადაა, რუსული ავიაციისთვის პოტენციური საფრთხის შემქმნელი ნებისმიერი მიზანი გაანადგუროს.
„მივიღეთ უპირველესი ზომები. საბრძოლო მორიგეობის ახალ ადგილზეა ჩვენი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“. ის მზადაა, რუსული ავიაციისთვის პოტენციური საფრთხის შემქმნელი ნებისმიერი მიზანი გაანადგუროს“, — განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საბრძოლო ავიაციის შემდგომი ქმედებები მხოლოდ გამანადგურებელი თვითმფრინავების დაცვის ქვეშ განხორციელდება.
უფრო მეტიც, მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის ჰმეიმიმის ავიაბაზაზე, სადაც რუსული საავიაციო ჯგუფის ბაზაა, С-400-ის უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს განალაგებს და მომავალშიც არ დატოვებს უყურადღებოდ ამ ტრაგედიის მსგავს ინციდენტებს.
სირიაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უახლესი სისტემების განთავსების მზაობა მალევე კრემლმაც დაადასტურა:
„თავდაცვის სამინისტრომ С-400-ს კომპლექსების გადაგზავნის წინადადება დააყენა. პრეზიდენტი ამას დაეთანხმა“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.