თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველო მზადაა, კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, — განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რომელიც აშშ–ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დღეისათვის ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ (Resolute Support) და ასევე ევროკავშირის სამხედრო მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
„ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის. ძალიან გამოცდილი სამხედროები გვყავს, არა მხოლოდ გენერლები, მათ შორის პოლკოვნიკებიც და ჩვენი მხარდაჭერა შესაძლოა კიდევ უფრო ღირებული და ფასეული გახდეს იმ შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ“, — თქვა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხზე გაეროს შტაბბინაში სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ერვე ლადსუსთან შეხვედრისას იმსჯელა.