ქართველი სპორტსმენების წარმატება ამომავალი მზის ქვეყანაში

© http://hobby-ua.com/ტოკიოს ოლიმპიური თამაშები
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტის ისტორიიდან

 თამაზ ჩიქვანაია

 ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ჯერ კიდევ 1940 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ის ოლიმპიადა საერთოდ არ ჩატარებულა. 1959 წლის 26 მაისს, მიუნხენში გამართულ სესიაზე საერთაშორისო ოლიმიურმა კომიტეტმა პირველსავე ტურში ტოკიოს დაუჭირა მხარი. ტოკიომ 34 ხმა მიიღო, დეტროიტმა – 10, ვენამ – 9 და ბრიუსელმა – 5. ამგვარად, 1964 წელს ოლიმპიური თამაშები პირველად ეწვია აზიის კონტინენტს.

 თამაშები იმპერატორმა ჰიროჰიტომ გახსნა. ოლიმპიური ჩირაღდანი სტადიონზე იოსინორი საკაიმ შეიტანა. საკაი დიდი ვერაფერი სპორტსმენი იყო. 19 წლის იაპონელ სტუდენტს ეს პატივი მხოლოდ თავისი დაბადების თარიღის გამო ერგო: იგი 1945 წლის 6 აგვისტოს დაიბადა, ზუსტად იმ დღეს, როცა ამერიკელებმა ჰიროსიმაში პირველი ატომური ბომბი გამოცადეს. 

 ოლიმპიადაზე ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი საბჭოთა კავშირმა მიავლინა. თუმცა სტარტამდე რამდენი დღით ადრე საბჭოელთა გამოსვლა სათუო გახდა. საქმე ის არის, რომ ოქტომბერში, მორიგ პარტიულ შეთქმულებას ნიკიტა ხრუშჩოვი  ემხვერპლა და კომპარტიის ცენტრალური კომტეტის პირველი მდივნის პოსტზე მისი ადგილი ლეონიდ ბრეჟნევმა დაიკავა. კრემლში სასწრაფოდ გამოიძახეს ტოკიოში ახალჩასული საბჭოთა ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სერგეი პავლოვი. ოლიმპიადის ორგანიზატორები შიშობდნენ, რომ პავლოვს მთელი საბჭოთა გუნდი მიჰყვებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, წარმატებით გამოვიდნენ და საერთო ჩათვლაშიც ყველას აჯობეს. 

 მათ მიერ მოპოვებული 96 მედლიდან 11 მედალი ქართველთა ანგარიშზე მოდის. 18 ოლიმპიელი და 11 მედალი. ტოკიოში ოლიმიური ჩემპიონები გახდნენ მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი და ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა, ვერცხლის მედლები მიიღეს: გურამ საღარაძემ – თავისუფალ ჭიდაობაში, შოთა ქველიაშვილმა – ტყვიის სროლაში, რომან რურუამ – კლასიკურ ჭიდაობაში და ლევან მოსეშვილმა – კალათბურთში. მესამე ადგილებზე გავიდნენ: მოფარიკავე გურამ კოსტავა, ძიუდოისტები – ანზორ კიკნაძე და ფარნაოზ ჩიკვილაძე, თავისუფალი და კლასიკური სტილის მოჭიდავეები – ნოდარ ხოხაშვილი და დავით გვანცელაძე. მათ გარდა ტოკიოში გამოდიოდნენ: რობერტ შავლაყაძე, როსტომ აბაშიძე, ზარბეგ ბერიაშვილი, შოთა ლომიძე, ომარ ფხაკაძე, ალექსანდრე ტუტაკაევი და ბორის პოლულიახი.

 საბჭოთა კავშირის ფრენბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე სულ ცხრა მატჩი გამართა და, იაპონელთა გარდა, ყველა მეტოქეს მოუგო. შვიდ მატჩში – მათ შორის, ბრაზილიელებთან გადამწყვეტ შეხვედრაში ვაჟა კაჭარავამ ითამაშა. „საიმედო, სტაბილური, უნივერსალური“ – ასეთი შეფასება დაიმსახურა კაჭარავას გამოსვლამ ტოკიოში. იგივე შეიძლება ითქვას ხმლით მოფარიკავე ნუგზარ ასათიანზეც, რომელსაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიებდნენ. ისე მოხდა, რომ იტალიელებთან ფინალური შეხვედრის გადამწყვეტი ბრძოლა მწვრთნელებმა ქართველ მოფარიკავეს ანდეს და, როგორც აღმოჩნდა, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თავად ნუგზარ ასათიანი ასე იხსენებდა იმ შეხვედრას: „მინიმალური ანგარიშით დავწინაურდით და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ოქროს მედლებს ვიგებდით. იტალიელი უხერხული მეტოქე გამოდგა, ძალზე სწრაფ ტემპში ფარიკაობდა. ისე ვღელავდი, რომ ბრძოლის მსვლელობა თითქმის აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა ფინალი: ჩემი თანაგუნდელები სარბიელზე გადმოცვივდნენ მეხვეოდნენ და გამარჯვებას მილოცავდნენ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“.

 ასათიანისა და კაჭარავას გარდა, ჩემპიონის ოქროს მედალი ქართველთაგან არავის რგებია. არადა, ტოკიოში 9 ქართველი ფალავანი გამოდიოდა. ოლიმპიური ისტორიის საბჭოურ პერიოდში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩვენმა მოჭიდავეებმა თამაშებზე ვერ გაიმარჯვეს. მიზეზი უხვად იყო, რომან რურუას მსაჯებმა უმუხთლეს და უნგრელ იმრე პოიაკთან აშკარად მოგებული შეხვედრა ფრედ დაამთავრებინეს. მსაჯების ამ უსამართლობას დიდი ხმაური მოჰყვა, მაყურებელი და პრესა რურუას აქტიურად გამოესარჩლა, მაგრამ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა – ოქროს მედალი ვეტერან უნგრელს გაატანეს. გურამ საღარაძემ ტოკიოში მძიმე ბძროლები გადახდა, ხუთ მეტოქეს აჯობა და, უიღბლობა რომ არა, პირველობა მას დარჩებოდა:

,,ფინალურ შეხვედრაში ვხვდებოდი თურქ ისმაილ ოგანს, რომელსაც ტანზე  ქონი ჰქონდა წასმული, მსაჯებს ორჯერ ვთხოვე, შეხედეთ რა მდგომარეობაა-მეთქი, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. გარბოდა კიდეც, მაგრამ არ გაუფრთხილებიათ. ფრეს შემთხვევაში უნდა ავეწონეთ და ეს აღმოჩნდა ჩემთვის საბედისწერო – იგი 300 თუ 400 გრამით ნაკლებს იწონიდა და ამან გადაწყვიტა ყველაფერი“

  იაპონელებმა მასპინძლის უფლებით ისარგებლეს და თამაშების პროგრამაში ახალი ოლიმიური სახეობა – ძიუდოც შეიტანეს. მით უფრო ფასეულია ჩვენი ფალავნების – ანზორ კიკნაძისა და ფარნაოზ ჩიკვილაძის პირველი ოლიმპიური მედლები. სამ წონით კატეგორიაში მასპინძლებმა, ძიუდოს ფუძემდებლებმა, იმარჯვეს, მაგრამ ყველაზე პრესტიჟულ აბსოლუტურ კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული ჰოლანდიელმა ანტონ ჰეეზნიკმა მოიპოვა და, როგორც იმროინდელი პრესა წერდა, „მთელი იაპონია ღრმა შოკში ჩააგდო“. 

 ამ თამაშებზე კიდევ ერთი სკანდალური ამბავი მოხდა: ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად დაფიქსირდა დოპინგის გამოყენება. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზე იყო – ჩვენი სპორტსენების გამოსვლაც წარმატებული გახლდათ, რადგან ცალკე გუნდად გამოსვლის შემთხვევაში 16-ე ადგილს იკავებდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0