თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ქართველმა სამართალდამცავებმა სომალის რესპუბლიკის 15 და ასევე საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური სამშაბათს, 24 ნოემბერს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, სატვირთო ავტომანქანაში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომალის რესპუბლიკის მოქალაქეების თურქეთში უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. კანონდამრღვევებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.