თამარ გერლიანი
27 წლის ბელა ლობჟანიძე თვითნასწავლი მხატვარია, წარმოშობით მირზაანიდანაა, ბავშვობაც იქ აქვს გატარებული. ხატვა 7 წლის წინ დაიწყო. ქალაქის მეგაპოლისს გარიდებული ცდილობს წყნარ გარემოში ხატოს ის, რაც მოსწონს და უყვარს. მის ნახატებში ბუნების სილამაზე და ყველაფერია, რაც ბუნებრივად ლამაზია. თვლის, რომ მხატვარს ნიჭი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერა უნდა ჰქონდეს, არავის ბაძავდეს. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური სამხატვრო განათლება არ აქვს, ამ ფაქტორს მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საქართველოში საკუთარი ხელოვნების თაყვანისმცემლები გაეჩინა. თუმცა მირზაანში, ფიროსმანისეულ გარემოში ალბათ გასაკვირი არც იყო, რომ ხატვა დაიწყო. ისიც გასაგებია, რომ მის ნახატებს შორის მისთვის გამორჩეულია "ფიროსმანი, რომელიც მარგარიტას ხატავს“.
- ბელა, ვიცი, რომ ხატვა 7 წლის წინ, შეიძლება ითქვას, არც ისე ადრე 20 წლის ასაკში დაიწყეთ..
— ეს რაც შეეხება სერიოზულად გატაცებას ისე კი, ხატვით ბავშვობიდან ვხატავ. დედას თქმით, იყო ისეთი მომენტები, როცა ბავშვობაში რაღაც საინტერესო ჩანახატებს ვაკეთებდი. სერიოზულად კი მხატვრული ღირებულებებით 19 წლის ასაკში დავინტერესდი. მაშინ შეიქმნა ჩემი პირველი ნახატი,,პრომეთე". ამ მითოლოგიური გმირის დახატვა მაშინ მოვიწადინე, როცა ეს პერსონაჟი პირველად დავინახე. მომეწონა და ავითვისე კიდეც, თუმცა იმ დროისთვის კანის ფერის დასმაც კი არ ვიცოდი.
-ამჟამად მირზაანში ცხოვრობთ. რთულია სოფლად საკუთარი თავის რეალიზება თუ ფიროსმანისეული გარემო გეხმარებათ?
-იმისდა მიუხედავად, რომ მირზაანში ვცხოვრობ, თვითრეალიზების პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ აქ თავს. მართალას ბრძანებთ, მირზაანი ფიროსმანის სოფელი იყო და ამის გაცნობიერება მეხმარება ხატვაში და თანაც ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლოა….
—თქვენ დახატეთ ნიკალა, რომელიც მარგარიტას ხატავს…
-იმ ნახატში სადაც ნიკალა მარგარიტას ხატავს, მინდოდა გადმომეცა ნიკალას სახე, გამომეტყველება. გადმომეცა ის, თუ რას განიცდის მხატვარი, როცა საყვარელ ადამაინს ხატავს. ვფიქრობ, ეს ნახატი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.
-როგორც ვიცი, აკადემიური სამხატვრო განათლება არ გაქვთ. სხვა ხელოვანების მსგავსად თვლით, რომ ეს ჩარჩოში სვამს შემოქმედებას, თუ ეს ფაქტორი ხელს გიშლით?
- მართალია, აკადემიური განათლება არ მაქვს და ჩემთვის ეს დაბრკოლება იყო, რომელიც მალევე გადავლახე. მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ჩემმა ნახატებმა უკვე მოიპოვეს საზოგადოების ფართო აღიარება. ჩემი ნახატები მოიცავს ფანტასტიკისა და ილუზიის ელემენტებს, მაგრამ ამავე დროს მათში არ არის დაკარგული ის რეალისტური შეგრძნება, რომელიც მათში ჩავდე.
- ბელა, რამდენადაც ვიცი, გამოფენა უკვე ორჯერ გქონდათ. თქვენი შემოქმედებითი ზრდისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამოფენა?
- დიახ, თბილისში ორჯერ მქონდა გამოფენა, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ზოგადად ხელოვანისთვის საკუთარი ნამუშევრების გამოფენა საზოგადოების წინაშე აუცილებელია. ცნობილი გამოთქმა: ხელოვნება ხალხს ეკუთვნის-ჩემთვის გასაგები და მისაღებია. ჯანსაღი კრიტიკის მოსმენაც სასარგებლოა. მოგეხსენებათ მხატვრის ფანტაზიასა და შთაგონებას საზღვარი არ აქვს, ჩემი მხატვრული შემოქმედება თითქმის ყველაფერს ასახავს, მაგრამ ძირითადად ნახატებს მაინც რელიგიურ მოტივებზე ვქმნი. ამ დროს დიდ შვებას და სიამოვნებას ვგრძნობ, თითქოს ღმერთთან ახლოს ვარ…