„50 წლის შემდეგ“ - იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო !

© ს. კაკაჩიარეჟისორი თემურ ჩხეიძე ზუგდიდიში
რეჟისორი თემურ ჩხეიძე ზუგდიდიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული რეჟისორის - თემურ ჩხეიძის იუბილე ზუგდიდში.

 სოფო კაკაჩია

 ამ დღეებში, ზუგდიდში, თემურ ჩხეიძის რეჟისორობიდან 50 წლის იუბილე სახელწოდებით „50-წლის შემდეგ“  აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია,,Art-უნივერსალი“ გახლდათ. შალვა დადიანის სახელობის  ზუგდიდის დრამატულ თეატრში მუშაობა სოცოცხლეშივე  ლეგენდად ქცეულმა  რეჟისორმა, თემურ  ჩხეიძემ 1965 წელს, 21 წლის ასაკში სამხატვრო ხელმძღვანელად დაიწყო. როგორც თავად ამბობს, დიდ შემოქმედებით ცხოვრებაში ეს მისი პირველი ნაბიჯები იყო.

 რეჟისორის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფრანგი დრამატურგის, იასმინა რეზას ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ART-ხელოვნება“ ჩვენება გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ზურა ყიფშიძე, მიხეილ გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი.

 სპექტაკლის დაწყებამდე ჩვენ გავესაუბრეთ რეჟისორ თემურ ჩხეიძესა და მსახიობებს.

-ბატონო თემურ, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც თქვენი შემოქმედებისთვის ასევე მნიშვნელოვან ქალაქში ტარდება.

თემურ ჩხეიძე: დიდი მადლობა. მართლაც ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები იქ, საიდანაც დავიწყე. ძალიან შეცვლილია ქალაქი, 50 წელი არც ისე ცოტა დროა. ისეთი წლები და პერიოდი მაკავშირებს  ზუგდიდთან, რომ ეს ქალაქი ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება. არასოდეს დამავიწყდება თეატრის მაშინდელი კოლექტივი,  საუკეთესო მსახიობები იყვნენ იმ დროს, მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ვინც აღარ არის ცოცხალი-მათი ხსენება ვთქვა. დღეს კონკრეტულად არავის დავასახელებ, რადგან არ მინდა ვინმე გამომრჩეს, წარმოიდგინეთ, მე, 21 წლის რეჟისორს, ახლა არ ვუქმნივარ ღმერთს და მაშინ რა ვიქნებოდი, როგორ მისმენდნენ და მანდეს ამხელა საქმე ისე, რომ ჭკუის სწავლება არავის დაუწყია. მე თვითონ დამოუკიდებლად დავიწყე სპექტაკლების დადგმა.ორი თეატრალური სეზონი ვიმუშავე და 5 სპექტაკლი დავდგი. მაშინ ჩემთან იყვნენ შემდგომში ცნობილი მსახიობები: ჟანრი ლოლაშვილი და ავთო მახარაძე. ამ ყველაფერს კი საფუძველი დაუდო ბატონმა საშა ეგუტიამ, რომელმაც ჩვენ აქ მიგვიყვანა. ჩემთვის  შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი არ არის რომელიმე მორიგი თეატრი საქართველოში, გასაგები მიზეზების გამო. დღეს რა სპექტაკლიც შედგება აქ- „ART-ხელოვნება“  ჩვენ 16 წლის წინ დავდგით და ისინი, ვინც აქ თამაშობენ იმ დროს სავარაუდოდ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დღეს დამდო პატივი და აქ მოვიდნენ.

-ბატონო თემურ, თანამედროვე დრამატურგიაზე რას გვეტყვით, თუ იწერება დღეს ღირებული და საინტერესო პიესები, რადგან თანამედროვე რეჟისორებს დახელოვნებისთვის ძირითადად ურჩევნიათ  ხოლმე კლასიკა დადგან?

-იცით, ღირებული პიესა ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნამდვილად ვერ დაიწერება. საერთოდ კი იწერება რათქმაუნდა, ჩემი რეჟისორები მაგალითად ვინც სტუდიაში მყავს, თანამედოვე პიესებსაც დგამენ. მე მაქვს სტუდია, სადაც  სწავლობენ როგორც მომავალი რეჟისორები, ისე მომავალი დრამატურგები. დრამატურგები სწავლობენ როგორ დაიწეროს პიესა, როგორ უნდა მოხდეს ამ პიესის აგება, როგორი უნდა იყოს მისი  სტრუქტურა და ჰარმონია. კლასიკა კი იმის კლასიკაა, რომ იქიდან ვისწავლოთ და ამოვკრიბოთ ის, რაც წლები და საუკუნეებია მოდის და მოდის. კლასიკაზე უნდა ვისწავლოთ, ის, თუ როგორ უნდა დაიწეროს პიესა

© ს. კაკაჩიათემურ ჩხეიძე ზუგდიდში
თემურ ჩხეიძე ზუგდიდში - Sputnik საქართველო
თემურ ჩხეიძე ზუგდიდში

მსახიობი ზურა ყიფშიძე:  საერთოდ საქართველოში ისეთი მაყურებელია, რომელსაც  ვერ  მოატყუებ. მას ან მოწონს ან არ მოწონს. ის, თუ რა ოვაციებით შეხვდა მაყურებელი ამ სპექტაკლს- ეს არის ბატონი თემურის დამსახურება. 90-იან წლებში, მე გადამარჩინა თემურ ჩხეიძემ,  ეს ის პერიოდია, როცა ყველას რაღაც ცუდი პერიოდი ჰქონდა.  სწორედ იმ პერიოდში,  სტრიმბერგის „მამა“ დავდგით და შემდეგ,,არტ-ხელოვნება“.უკვე მე-16 სეზონია ამ სპექტაკლს ვთამაშობთ..ეს ისეთი სპექტაკლია, რომელიც ნიუ-იორკში გვქგონდა გასტროლებზე და მიუხედავად ენობრივი ბარიერისა,  ჩვენი ყველგან ესმით. ვულოცავ ბატონ თემურს შემოქმედებით ცხოვრების 50 წლის იუბილეს.

მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი: ბატონი თემური რა მიმართულებითაც მუშაობს ამ მიმართულებას „ფსიქოლოგიური დრამა“ ჰქვია, მე თვითონ ბატონი თემურის სტუდენტების პირველი თაობა ვარ და ახლა კი ბოლო ჯგუფი ჰყავს. მე არ ვღალატობ იმ გზას, რაც მან მასწავლა აგერ უკვე მთელი ცხოვრება ასევე ვცხოვრობ და ვმუშაობ. ასე რომ, მისი სტილი შეუცვლელი და განუმეორებელია. ვულოცავ ბატონ თემურს შემოქმედების 50 წლის იუბილეს.

მსახიობი მიშა გომიაშვილი: იცით, ჩხეიძის სპექტაკლს რომ უყურებ, ასეთი კითხვა გიჩნდებათ, კი მაგრამ რა გააკეთა აქ რეჟისორმა?! ის, არასოდეს აკეთებს თავის ტრიუკებს, არ ამზადებს „ფეიერვერკებს“ და მსახიობის სახით ცდილობს მაყურებლამდე მიიტანოს ის, რაც მას აქვს ნაფიქრი და ნააზრევი, სწორედ ამით გამოირჩევა და განსხვავდება ის სხვა რეჟისორებისაგან. ვულოცავ მას შემოქმედებით იუბილეს  და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.

ბადრი  წერედიანი-  შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი : არ ვიცი ბოლოს როდის იყო ამ დონის დღესასწაული ზუგდიდში და ჩვენს თეატრში. ბატონი თემურ ჩხეიძე ღმერთმა გვაჩუქა და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ მისი აქ ჩამობრძანება, მითუმეტეს თავისი სპექტაკლით და ასევე ამ დონის მსახიობების აქ ჩამოყვანაც ნამდვილად სასიამოვნო ფაქტი გახლავთ. ბატონი თემური ჩემი პედაგოგი იყო და დღესაც არის. ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ახლა და მინდა გითხრათ, ამ საღამოს მერე, ალბათ მეტად ვაანალიზებ იმას, რაც დღეს ხდება. ეს სახალხო ზეიმია, რომელიც მაყურებელს, დიდი ხანი ემახსოვრება. 

 შეგახსენებთ, რომ რეჟისორ თემურ ჩხეიძემ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი1965 წელს დაამთავრა. 1965-1967 წლებში ის შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში რეჟისორად მუშაობდა. 1967-1970  წლებში კი მოზარდ მაყურებელთა ქართულ  თეატრში იყო რეჟისორად. შემდეგ იყო რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორობა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა. 12 წლის განმავლობაში თემურ ჩხეიძე საქართველოს ტელეცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. 1992 წლიდან რეჟისორი სანკტ-პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა. თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი, არის საქართველოს სახალხო არტისტი, მიღებული აქვს სხვადასხვა წოდებები და ორდენები, მათ შორის „საპატიო ნიშნის“ ორდენი. 

© ს. კაკაჩიარეჟისორი თემურ ჩხეიძე ზუგდიდში
რეჟისორი თემურ ჩხეიძე ზუგდიდში - Sputnik საქართველო
რეჟისორი თემურ ჩხეიძე ზუგდიდში

ყველა ახალი ამბავი
0