თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ტერორიზმი საერთო საფრთხეა და მასთან ბრძოლაში უკვე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთო. ტერორიზმის წინააღმდეგ მათი ურთერთშეთანხმებული მოქმედებები კი საკმაოდ ეფექტური იქნება,–განაცხადა თბილისის საკრებულოს ავჭალის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რეზერვის გენერალმა კობა კობალაძემ.
გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი საფრანგეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების შესახებ. დოკუმენტი მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს "ისლამურ სახელმწიფოსთან" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის მიზნით ყველა საჭირო ზომა მიიღონ. გააორმაგონ ძალისხმევა და შეთანხმებულად იმოქმედონ ტერორისტული თავდასხმების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით.
„როდესაც ჩვენ ვაკვირდებით იმ დინამიკას, რომლითაც პროცესები ვითარდება, ვხედავთ რომ ტერორიზმს საზღვრები არა აქვს. ამ რეზოლუციის მიღებით მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომლის თანახმადაც ყველა სახელმწიფომ უნდა გადახედოს თავის უსაფრთხოების პოლიტიკას.“–განაცხადა კობა კობალაძემ
მისი თქმით, ამ მხრივ გამონაკლისს არც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს. საქართველო საკმაოდ აქტუალური ტერიტორია და ფართოდ გამოყენებადი სატრანზიტო სივრცეა. მთელი საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, რადგან საქართველო აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ეს კი დამატებით პასუხისმგებლობას გვმატებს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„აქედან გამომდინარე პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე. ძალოვანმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით გარკვეული პრევენციული ზომების გატარება უკვე დაიწყეს. რა თქმა უნდა წარმოუდგენელია თვითონ საფრთხის ფაქტორი ნულლამდე დავიდეს, მაგრამ პრევენციის შედეგად შესაძლებელია იმ შედეგების მინიმალიზაცია, რომელსაც სახელმწიფოსთვის ნებისმიერი საფრთხე იწვევს.“– თვლის კობა კობალაძე.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან პრევენციის მიზნით მიღებულ კონკრეტულ ზომებს კობალაძის თქმით, აქ პირველ რიგში იგულისხმება საპასპორტო კონტროლის გამკაცრება და საზღვების გაძლიერება.