თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გაერომ ძალიან კარგად იცის თუ რა სჭირდება საქართველოს და რა მიმართულებით უნდა დაეხმაროს,–განაცხადა მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ პეტრე მამრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილ სკოტმა 2016-2020 წლებში საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმას ხელი მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილია 2016-2020 წლებში საქართველოს მთავრობასთან გაეროს თანამშრომლობის ხუთი პრიოიტეტული მიმართულება — დემოკრატიული მმართველობა, დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და საზოგადოების უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა.
პეტრე მამრაძე, რომელიც 1994–95 წლებში გაეროს მისიის თბილისის ოფისში მუშაობდა, ამბობს, რომ ყოველ წელს გაეროს ადგილობრივი ოფისი თავისი ექსპერტების მეშვეობით ადგენს ჰუმანური განვითარების ინდექსს. ფასდება ამ ინდექსში შემავალი ყველა პარამეტრი, იქნება ეს ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა, განათლება თუ სხვა.
„კოალიცია „ქართულმა ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო და ევალებოდა კიდევაც. მაგრამ ძალიან ცოტა გააკეთა. მისასალმებელია, რომ გაეროს ექსპერტებმა ასე ზუსტად შეძლეს იმ პრიორიტეტების ჩამოყალიბება, რომლებიც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება“–აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის საქართველოში ნილ სკოტის განცხადებით გაერო თავისი 14 რეზიდენტი და 4 არარეზიდენტი ფონდისა და პროგრამის მეშვეობით კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მთავრობის თანადგომას, რათა ამაღლდეს კანონის უზენაესობა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები და გაძლიერდეს სოციალური სამართალი.
საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმის განსახორციელებლად დაახლოებით 156 მილიონი დოლარი იქნება საჭირო, აქედან 44 მილიონი უკვე მობილიზებულია.