გაიცემა თუ არა საფრანგეთის ვიზები საქართველოში?

გამოწერა
პარიზში განხორციელებული ტერაქტები ტურიზმზეც აისახა.

  ნინო ცხოიძე

 18 ნოემბერს პარიზის გარეუბანში, სან დენიზში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, რამდენიმე ტერორისტის დაკავებისა და ლიკვიდაციის შემდეგ, პარიზში შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა. თუმცა ჩვენს თანამემამულეებს მაინც შიში დაეუფლათ. მათ ბავშვების სკოლაში გაშვებისაც ეშინიათ, მაგრამ უმეტესობა მაინც ემორჩილება გამოცხადებულ წესებს და ცდილობს ცუდზე ნაკლებად იფიქროს.ზოგი ემიგრანტი იმას უფრო განიცდის, რომ საქართველოს ტელეარხები ზოგჯერ საფრთხის შემცველ ვითარებას გადაჭარბებულად ასახავენ, რითაც სამშობლოში მყოფ ახლობლებს აფორიაქებენ და შემდეგ მათ ოჯახის წევრების თუ ნათესავების დამშვიდება უწევთ. სოციალურ ქსელებში ეხმიანებიან ერთმანეთს და 13 ნოემბრის ამსახველ ვიდეოებსაც აქტიურად აზიარებენ. ადამიანთა  თავგადასავლებს საზღვარი არა აქვს… 

  ხან გარდაცვლილი ცოლის გამო შეძრწუნებული, მაგრამ მაინც ამაყი და შემართული ფრანგი მამაკაცის წერილს ვკითხულობთ, რომელსაც ტერაქტის მერე  თავის მცირეწლოვან ვაჟიშვილზე ზრუნვა მარტოს უწევს, მაგრამ გაბოროტებისა და სიძულვილის  ნაცვლად თავისუფლებისა და სიყვარულის  განწყობა გაუძლიერდა.  ვკითხულობთ იმასაც, რომ საკონცერტო დარბაზის ფანჯრის რაფაზე ჩამოკიდებული ახალგაზრდა ქალის ყვირილმა: „მიშველეთ, ფეხმძიმედ ვარ“- იხსნა მისი სიცოცხლე და ქმარმაც სწორედ ამ ფაქტით შეიტყო, რომ მამა გახდება.

 არ შეიძლება არ აგაღელვოს იმ ჟურნალიტის ამბავმაც, რომლის ფანჯრიდან გადაღებულმა ვიდეომ მსოფლიოს ამცნო, რა ხდებოდა პარიზში. თვითონ კი სადარბაზოში დაჭრილების შემოყვანის დროს მკლავში დაიჭრა.

 ემოციების გარეშე ძნელია მოისმინო პატარა ბიჭუნას თავგადასავალი, რომელიც გარდაცვლილი დედის სხეულმა იხსნა.

 ფაქტია, ამ კოშმარული დღეებისა და ღამეების ტყვეობიდან გამოსვლა ასე იოლი არ იქნება. მითუმეტეს, რომ საშიშროება არ ჩამცხრალა და ტერორისტები ახალ-ახალ ტერაქტებს პირდებიან არა მხოლოდ პარიზის მოსახლეობას.

 ბუნებრივია, ასეთ პარიზს არ იცნობს თანამედროვე სამყარო. დაცარიელებული სიყვარულის ქალაქი ყველასათვის უჩვეულო და დამთრგუნველი სანახავი აღმოჩნდა. რასაკვირველია, მოგვიანებით ეს ფაქტი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება, მაგრამ როცა ქუჩებში გავლა, კონცერტზე დასწრება, კაფესა და რესტორანში ვახშამი უსაფრთხო არ არის, წარმოუდგენელია, ადამიანმა ასეთ ადგილას ტურისტული მოგზაურობა მოინდომოს.

  ყველაფერმა ამან, გარკვეულწილად, კორექტივები შეიტანა იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც საფრანგეთთან და პარიზთანაა დაკავშიებული. რეჟიმის შეცვლა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საკონსულოსაც მოუწია. საკონსულოში რიგის დაკავებასთან დაკავშირებით არსებულ ქოლ-ცენტში, სადაც ოქტომბრის ბოლოს უკვე 13 ნოემბრის რიგი იყო შევსებული, ამჯერად ტელეფონზე დაკავშირებაც გაჭირდა. ხუთშაბათს, ტრადიციულად, ღია კარის დღეს, საფრანგეთში წასვლის მსურველებს შეეძლოთ წინასწარი ჩაწერის გარეშე სავიზო განყოფილებაში საკონსულოს მდივნებს გასაუბრებოდნენ. 

 ამჯერად, ჭიშკართან, დაახლოებით, 15 ადამიანი დამხვდა. მაგრამ სამწუხაროდ, დაცვის ქართველმა თანამშრომლებმა საკონსულოში ვერ შემიშვეს. განმიმარტეს, რომ დღის მეორე ნახევარში საელჩოსა და საკონსულოს ეზოში არავის უშვებენ და ხუთშაბათის კონსულტაციებიც შეჩერებულია. ისინი კი, ვინც საკონსულოს ჭიშკართან იდგნენ, ვიზის პასუხს გარეთ ელოდებოდნენ. დაცვის წევრებმა ისიც მითხრეს, რომ რიგში ჩაწერაც და ვიზის მიღებაც გამკაცრებული და შეზღუდულია. ამდენად,საფრანგეთის ვიზა სავარაუდოდ, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში და დასაბუთებული მოტივის წარდგენისას გაიცემა.

 რაც შეეხება საფრანგეთის საელჩოსა და საკონსულოს, რომელიც კრწანისში, ქუჩიდან მოშორებით მდებარეობს, განსაკუთრებული დაცვის ზომები არ განუხორციელებია. ეზოში ხელკეტიანი და იარაღასხმული რამდენიმე ახალგაზრდა დგას, მაგრამ ეს ამ ტერიტორიისთვის უჩვეულოც არ არის. ერთადერთი განსხვავება, რაც ამჯერად თვალშისაცემად მენიშნა, ეს საკონსულომდე მისასვლელი ეზოს ჭიშკართან გვირგვინებისა და თაიგულების რაოდენობაა, რომელიც 14 ნოემბრის დილიდან პოლიტიკოსებმა და ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა  საფრანგეთისთვის სოლიდარობის ნიშნად მოიტანეს. როგორც შევიტყე, სამშაბათს სამძიმრის წიგნიც დაიხურა, რომელიც ჯერ საფრანგეთის საელჩოში, ბოლო დღეს კი თბილისის საკრებულოში იყო გახსნილი და მასში ჩანაწერის დატოვება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

 მიუხედავად იმისა, რომ პარიზი პანიკურ ვითარებაში არ არის, არავინ იცის, მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტულ ქალაქში მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმი და ტურისტების ნაკადი როდის აღსდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0