საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო რეჟიმის 3 თვით გაგრძელებას

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუმცა დეპუტატებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების ზომების გაფართოების შესახებ, კერძოდ, იმ პირებისათვის შინა პატიმრობის შემოღებაზე, ვინც შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრებოდეს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ეროვნული კრების (პარლამენტის ქვედა პალატა) დეპუტატებმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირველ მუხლს ქვეყნის ტერიტორიაზე სამი თვით საგანგებო მდგომარეობის  გაგრძელების თაობაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 1955 წელს მიღებულ მოძველებულ კანონზე „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“, ჯერაც არ მიუღიათ. 

 საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საფრანგეთის ტერიტორიაზე, პრეზიდენტის — ფრანსუა ოლანდის წინადადებით, საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით იქნა შემოღებული, 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ. საფრანგეთის კანონმდებლობით, აღნიშნული რეჟიმი შესაძლოა შემოღებულ იქნეს არა უმეტეს 12 დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში რეჟიმის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. 

 კენჭისყრაზე გატანილი პირველი მუხლი საგანგებო რეჟიმის 3 თვით გაგრძელებას ითვალისწინებს და დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ამ მუხლის ამოქმედებას. 

 რაც შეეხება შესწორებებს კანონში საგანგებო მდგომარეობის შესახებ, სხდომის მსვლელობისას დოკუმენტის სხვადასხვა დებულებამ  მძაფრი დისკუსია გამოიწვია. 

 კერძოდ, კენჭისყრაზე გაიტანეს დებულება, რომელიც იმ პირების შინა პატიმრობას ეხება, რომლებიც შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, შესწორებების მიღება შესაძლებელს გახდის დაიხუროს ის ასოციაციები და გაერთიანებები, რომლებიც შესაძლოა ხელს უწყობდნენ ან უბიძგებდნენ ქვეყნისათვის საშიში ქმედებებისკენ. ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტზე მიღებული არ არის. 

 პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.


ყველა ახალი ამბავი
0