თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს მოქალაქეების დაკავება — საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ქართული სოფლის — კნოლევის მცხოვრები ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ამ დროისათვის დაკავებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების კომიტეტში იმყოფება.
„ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ეს ელემენტარული ადამიანური ნორმების უხეში დარღვევაა, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო კანონმდებლობაზე“, —უთხრა აბაშიძემ ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 19 ნოემბერს.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ.