თამაზ ჩიქვანაია
ჭადრაკში პირველი ქართველი დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე უაღრესად საინტერესო პიროვნება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ამ სახეობის მწვერვალებს ვერ შესწვდა, საჭადრაკო სამყაროში უდიდეს პატივს სცემდნენ და დიდისა თუ პატარისთვის ბუხუტი ივანიჩი იყო.
გურგენიძეების ოჯახში შინაურ კაცად ვითვლებოდი, ვმეგობრობდი თავად ოჯახის უფროსთან, მის მეუღლესთან — ქალბატონ ლიასთან და შვილებთან — ზუკასა და ნანასთან. ბატონ ბუხუტის დიდი დამსახურებაა ქართველ ქალ მოჭადრაკეთა იმდროინდელი ტრიუმფი. ის წლების მანძილზე იყო ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანის პირადი მწვრთნელი. ჭადრაკის დიდებულ მცოდნეს, განუმეორებელ თეორეტიკოსს, ბევრჯერ ნამდვილი სასწაული მოუხდენია და უიმედო პოზიციაში გადადებული პარტიები გადაურჩენია. ერთი ასეთი შემთხვევის მომსწრე მეც გახლავართ და მინდა გავიხსენო.
1984 წლის შემოდგომაა. ბუხუტის სახლში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტის დასაწყისში, პრეფერანსს ვთამაშობთ დიდოსტატ გენადი ზაიჩიკთან და გენრიხ იმნაძესთან ერთად. თამაშმა ისე გაგვიტაცა (თქვენ წარმოიდგინეთ, ხდება ხოლმე), როგორ შემოგვაღამდა ვერ გავიგეთ. ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის კარპოვ-კასპაროვის პირველი მატჩი მიმდინარეობს. შუაღამისას, ტელეფონის გაბმულმა ზარმა შეგვაწყვეტინა „ბრძოლა“. ლენინგრადიდან (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) ედუარდ გუფელდი რეკავდა. გუფელდი, თბილისელი დიდოსტატი, კასპაროვის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. 41(!)-ე პარტია კასპაროვისთვის ძალიან მძიმე პოზიციაში გადაიდო, მარცხის შემთხვევაში ჩემპიონი კარპოვი ხდებოდა. გუფელდს უთქვამს, ამ პარტიის გადარჩენა მხოლოდ ერთ კაცს შეუძლიაო და დარეკეს თბილისში, ბუხუტის პოზიცია უკარნახეს და შემდეგ გარი დაელაპარაკა: „ბუხუტი ივანიჩ, მხოლოდ შენი იმედი დამრჩა, თუ ვერ მიშველე – დავიღუპე“. ბუხუტიმ უპასუხა, 2 საათში დამირეკეთო, გავიდა მეორე ოთახში და საქმეს შეუდგა. მანამდე ჩვენც გადავხედეთ პარტიას. მეც კი მივხვდი, რომ ვითარება პრაქტიკულად უიმედო იყო. გენას გაეღიმა, შენ არ იცი ივანიჩს რა შეუძლიაო. ორ საათში ბუხუტი შემოვიდა, სახე უბრწყინავდა, თუმცა ხმა არ ამოუღია და ჩვენც არაფერი გვიკითხავს. მალე ისევ გაისმა გაბმული ზარი. საუბარი მალე დაასრულეს და ჩვენც დავინტერესდით, რა გამოსავალი მოიძებნა. როგორც გამოირკვა, ქართველმა დიდოსტატმა მოძებნა პარტიის გადარჩენის ერთადერთი ვარიანტი, რომლის მეშვეობითაც, სვლების გამეორებით, ყაიმის მიღწევა შეიძლებოდა. რამდენიმე წუთში ტელეფონმა ისევ დარეკა, ღამის სიჩუმეში, ოთახში მყოფთაც მშვენივრად გვესმოდა 2000 კილომეტრით დაშორებული ქალაქიდან გარი კასპაროვის ყვირილი: „Бухути Иванич! Ты просто гений, настоящий гений“.
ბუხუტის სახე უდიდეს ნეტარებას გამოხატავდა. ეს იყო კმაყოფილება კაცისა, ვინც რაღაც შეუძლებელი შეძლო და მართლაც ასე გახლდათ. იმ წუთში ბუხუტი გურგენიძე უფრო დიდი იყო, ვიდრე გარი კასპაროვი და ანატოლი კარპოვი ერთად აღებული.