თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, — იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა სრულად გაწმენდილია.
გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე (კმ94-კმ104), რომელიც ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარეობს, 15 გრადუსი ყინვის პირობებში, შენარჩუნებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობის რეჟიმი ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის (გზა გაწმენდილია და დაყრილია ქვიშა-მარილი).
გზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე ოპერატიულად ხორციელდება. ამისათვის ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახური და მუდმივად მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გამოიყენონ ზამთრის პერიოდის შესაბამისი საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.