თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ინტერპოლის ცენტრალური ბიუროსა და შსს–ს თანამშრომლებმა საქართველო–თურქეთის საზღვარზე თურქეთის მოქალაქე ტაიფუნ კარაკაპლანი დააკავეს, რომელსაც ქალაქ ვისბადენის (გერმანია) ინტერპოლი ეძებდა, იუწყება ხუთშაბათს, 19 ნოემბერს საქართველოს შსს–ს პრესსამსახური.
თურქეთის მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა 2013 წლის ივნისიდან გამოცხადდა. ის ბრალდებულია დანაშაულებში: ქურდობა, ქურდობა საცხოვრებელში შეჭრით, თაღლითობა და კომპიუტერული თაღლითობა, რომლებსაც გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის ცხრა მუხლი ითვალისწინებს.
„ტაიფუნ კარაკაპლანმა ბანკში სესხის მიღების მიზნით, ხელფასის ცნობა და შრომითი ხელშეკრულება გააყალბა. დოკუმენტებში არსებულმა მთელმა რიგმა უზუსტობებმა გამოიწვია ეჭვი, რომ საბუთები გაყალბებული იყო და სესხის გაცემა არ განხორციელდა“, – აღნიშნულია პრეს–სამსახურის განცხადებაში.
ამას გარდა, ტაიფუნ კარაკაპლანმა კუსტარულად დამზადებული გასაღების გამოყენებით საცხოვრებელ ბინაში შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა; მოპარული საბანკო ბარათის გამოყენებით კი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ოთხჯერ განახორციელა საგადასახადო ოპერაცია, რის შედეგადაც 1 000 ევრო მიითვისა.
ამჟამად ტაიფუნ კარაკაპლანის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.