დაკავებულია სასტუმროს მეპატრონე, რომელშიც სამი ბავშვი დაიღუპა

© фото - public domainხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია“, რაც ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა იმ სასტუმროს მეპატრონე დააკავეს, რომელშიც 2015 წლის მაისში ხანძრის დროს ბავშვები დაიღუპნენ, — იუწყება ხუთშაბათს, 19 ნოემბერს შსს–ს პრესსამსახური.

2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ზაზა ა-ს კუთვნილ სასტუმრო „არმაზში“ ხანძარი გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული-2“-ის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები. ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის, 30 მოზარდი გამოიყვანეს, მაგრამ ვერ შეძლეს 10–დან 12 წლამდე ასაკის სამი ბავშვის გამოყვანა. ისინი ხანძრის დროს დაიღუპნენ.

„საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის კერა მდებარეობდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ“, – იუწყება შსს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია“, რაც ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0