თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის პრემიერ–მინისტრი მანუელ ვალსი არ გამორიცხავს, რომ ტერორისტებმა ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღი გამოიყენონ.
ამ განცხადებით ის საფრანგეთის ეროვნული სათათბიროს (პარლამენტის ქვედა პალატა) სხდომაზე გამოვიდა, სადაც ხუთშაბათს საგანგებო მდგომარეობის სამ თვემდე გაგრძელების შესახებ კენჭისყრა მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმი პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით შემოიღეს.
პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.