გოჩა ხუნდაძე
1968 წელს, კვეტერაზე არქეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. რესტავრაციის წინ, ძეგლის წარსულს სწავლობდნენ. სამუშაო ბევრი იყო — კედლის ნანგრევებისა და მიწის გვარიანი ფენა იყო გასატანი. აი, ამ შავი სამუშაოს შესასრულებლად წაგვიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმოცდაათი სტუდენტი.
საოცარი დღეები იყო. ბედნიერები ვიყავით — ყამირ მიწების ნაცვლად, ჩვენი ენერგია მშობლიური ისტორიის კვლევას ხმარდებოდა. საქმეც კეთდებოდა და ჩვენი თვალსაწიერიც ფართოვდებოდა. გვეამაყებოდა — ექსპედიციის ხელმძღვანელი, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი, ბატონი გიორგი ლომთათიძე იყო, მისი მოადგილე კი თვალსაჩინო არქეოლოგი, ბატონი რამინ რამიშვილი. ვშრომობდით, ვსწავლობდით და დროსაც ჩინებულად ვატარებდით კოლონკელიძეთა საერისთავო მამულებში.
რაიონული გაზეთის ერთი ნომერი დაგვითმეს ახმეტელებმა. სტუდენთა წერილებმა და ლექსებმა მოხიბლა მკითხველი. იქ, კვეტერაზე ყოფნისას, დაწერა მშვენიერი ლირიული ლექსი თვრამეტი წლის ავთო გაფრინდაშვილმა:
„წვიმდა,
წვიმდა,
წვიმდა კახეთს,
თამბაქოსფერ ნისლში თვლემდა
ახმეტა და ალაზნის ველს
ლურჯ სიზმარში დაათენდა.
გოგო ჭრიდა ნაწვიმარ ველს,
წვიმა უკენკავდა კალთას
და ტყისაკენ ციცქნა კრავებს
ღრუბელივით მირეკავდა…
გადიარა წვიმამ ბონდი,
მერე სულაც გადაიღო,
ზღაპარ-ზღაპარ მოვდიოდით,
ო, რა კარგი ზღაპარ იყო“…
როგორია?! ვფიქრობ, ბევრი პოეტი ისურვებდა ამ ლექსის ავტორობას.
საღამოობით, როცა საქმეს მოვამთავრებდით, კვეტერის გოროზ ციხე-სიმაგრეში ტრაპეზი იმართებოდა. დაღლილი, ნაჯაფი ჭაბუკები, კახელ მასპინძლებთან ერთად ვვახშმობდით.
ერთხელაც, ასეთიპურობის დროს, თამადამ, ჩვენმა საყვარელმა ლექტორმა, ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ, თენგიზ ფერაძემ აღმოაჩინა, რომ მოქეიფეთა შორის იყვნენ:
სპარტაკი — ქობულია;
შახი — ხუჭუა;
ცეზარი — ბატიაშვილი;
და ნაპოლეონი — რა თქმა უნდა, მესხია.
ამ ინფორმაციამ გვარიანად გაგვახალისა. ხუმრობა ხომ არ იყო: კვეტერის ციტადელში, ერთ სუფრასთან ისხდნენ სხვადასხვა ეპოქის სახელგანთქმული ადამიანების ქართველი სეხნიები.
მას შემდეგ, აგერ უკვე 47 წელი გავიდა. სამწუხაროდ, შახი ხუჭუა და ნაპოლეონ მესხია ადრე გარდაიცვალნენ. იმ ლამაზი ლექსის ავტორი — ავთო გაფრინდაშვილიც აღარ არის ამ ქვეყნად, აღარც ბატონი თენგიზი. კიდევ ბევრი მეგობარი გამოგვაკლდა. მივდივართ, თანდათან ვცოტავდებით. ერთმანეთსაც იშვიათად ვნახულობთ კვეტერაზე შეფიცულები. დარჩა გარდასულ დღეთა მოგონება, სასიამოვნო დრო მეფონება ცხოვრების დაღმართზე მიმავალს.
კვეტერაზე „ნაპოლეონთან ქეიფის“ გახსენება იმ ლამაზი დღეების ექოა, ძალიან ახალგაზრდები და ძლიერები რომ ვიყავით. კარს მომდგარი სიბერე მალე ყველას გაგვაცილებს. ბედნიერი ვიქნები, თუკი ეს ჩანაწერიც შემოუნახავს მომავალ თაობას ამ ადამიანების ხსოვნას.