ბარდღუნიადან იულიუს კეისრამდე

© რუსთაველის თეატრიდათო უფლისაშვილი – რუსთაველის თეატრის მსახიობი
დათო უფლისაშვილი – რუსთაველის თეატრის მსახიობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრმა საზოგადოებას თავისი სათქმელი უნდა უთხრას, თავისი აზრი უნდა მიიტანოს მაყურებლამდე. თუ ეს მისია კარგად შეასრულა, გამოდის, ფუჭად არ გვიშრომია - ეს კი გამარჯვებაა!“

 ვახტანგ კობაიძე.

დათო უფლისაშვილი – რუსთაველის თეატრის მსახიობი, ამავე დროს თეატრალური დასის გამგე. შემოქმედებითად ყოველთვის დატვირთული იყო. თითქმის 50 წელი ამ თეატრის სცენაზე დგას — 35 დიდი თუ პატარა როლი აქვს ნათამაშევი. გადაღებულია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ფილმებში. სისტემატურად თანამშრომლობდა რადიოსა და ტელევიზიაში.  მისი უფროსი ძმა, ჩემი კოლეგა, ჯონდო მდივნიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა ტელევიზიაში. ჩვენი ურთიერთობა და შემდეგ მეგობრობაც იქედან დაიწყო.

დათო უფლისაშვილი: „ძალიან მიყვარს ლექსების კითხვა. რადიოში და ტელევიზიაშიც ხშირად ვწერდი, დადგმებშიც ვმონაწილეობდი. კარგი ხალხი გავიცანი იქ: ზურა კანდელაკი, ცხონებული ბადრი მიქაშავიძე, თამაზ მესხი, რომეო ტერ-გრიგორიანი, მანანა თევზაძე — ყველას რა ჩამოთვლის. იყო პოეზიის ხუთი წუთი. გურამ საღარაძესთან, ზინა კვერენჩხილაძესთან, გიზო სიხარულიძესთან, გოგი ხარაბაძესთან ერთად, მეც ვკითხულობდი ლექსებს. ახლა არ ვიცი, რა ხდება. როგორ შეიძლება, ტელევიზიიდან და რადიოდან ქართული სიტყვა არ ისმოდეს, პოეზიის და პროზის საუკეთესო ნიმუშებს არ უსმენდეს ახალგაზრდობა. იყო გადაცემები პოეტებზე, მწერლებზე, ვკითხულობდით მათ ნაწარმოებებს, მახსოვს ფირფიტაც გამოიცა. გადაიცემოდა რადიოდადგმები, სპექტაკლების ჩანაწერები. საზოგადოებას  ეს აინტერესებს. ბევრი დიასახლისი და მოხუცი  ამით სულდგმულობდა. ახლა არ ვიცი, რატომ შეჩერდა. ვერ გამიგია, სპეციალურად აკეთებენ თუ რა. პასუხს ვერავინ გცემს!“

ამ დიალოგის შემდეგ ორივე ვდუმდებით. თუმც პაუზა დიდხანს არ გაგრძელებულა და ჩვენი საუბარი უკვე დათოს მონოლოგში გადადის.

დათო უფლისაშვილი: „წარმოშობით ზესტაფონიდან ვარ, სერგო ზაქარიაძის და უშანგი ჩხეიძის სამშობლოდან. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ მათი ფანი ვარ. სკოლა ზესტაფონში დავამთავრე. იმავე წელს ჩამოვედი თბილისში და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე: გაიოზ (კუკური) პატარიძის და მალიკო მრევლიშვილის ჯგუფში მოვხვდი. ჩემი მშობლები მსახიობები იყვნენ. ჯერ ჭიათურის, შემდეგ ზესტაფონის სახალხო თეტარში. ბიძაჩემი, სტეპკო (სტეფანე) ჯაფარიძე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, საკმაოდ ცნობილი. ასე რომ, ჩემი არჩევანი არავის გაკვირვებია. მთელი ბავშვობა თეატრში და თეატრთან კავშირში მაქვს გავლილი“.

„პირველი როლი? მესამე კურსზე ვარ. მითხრეს მიშა თუმანიშვილი გიბარებსო. „გვადი ბიგვა“ იდგმებოდა. მთავარ როლებში ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა… ბატონი მიშა მეუბნება: შენ გვადის უფროსი ვაჟი, ბარდღუნია უნდა ითამაშოო. აი, ასე მოვხვდი რუსთაველის თეატრში. შემდეგ იყო ჭინჭრაქა, ბატონმა კარლო საკანდელიძემ თავის მაგივრად შემიყვანა ამ როლზე, „ბებერი მეზურნეები“, ტიბალტი „რომეო და ჯულიეტაში“, ჩონთა „მოკვეთილში“, „ყვარყვარე“… არ მინდა ტრაბახში ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან ბევრ სპექტაკლში მაქვს ნათამაშები. იყო მთავარი როლიც, ეპიზოდიც, „მასოვკაც“, ასე რომ, თუ მსახიობი ხარ ყველა ამპლუაში მოგიწევს გამოსვლა. სათაკილო ამაში არაფერია. მთავარია გიყვარდეს შრომა, შენი პროფესია და ყველა როლს, სცენაზე უბრალო გავლასაც კი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდო. ბატონი სერგო ყოველ კრებაზე ამბობდა უშრომელად არაფერი გმოდისო. სწორია. მსახიობი ხალისიანი, მართალი, სუფთა კაცი უნდა იყოს“.

„ის, რაც არასდროს დამავიწყდება? მომავალ წელს 70 წლის ვხდები. 1967 წლიდან, თითქმის 50 წელია, თეატრში ვარ. ამის მიუხედავად, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველად შემოვდივარ ამ შენობაში და პირველად გამოვდივარ სცენაზე, სადაც ნამდვილ კორიფეებს უთამაშიათ. დიდი არტისტები, დიდი პიროვნებები… არასდროს დამავიწყდება მიშა თუმანიშვილი. მეუღლე ჰყავდა გარდაცვლილი. სამძიმარზე მივედი. ის პერიოდია, კარლო საკანდელიძე ჭინჭრაქაში რომ მამზადებს. ხელი ჩამოვართვი. გვერდზე გამიყვანა, რეპეტიციები როგორ მიდისო. გავგიჟდი, გარდაცვლილი მეუღლის ჭირისუფალი კიდევ თეატრზე ფიქრობდა. ეს კაცი თეატრით ცხოვრობდა. კიდევ ერთი კაცი ვიცი ასეთი — რობერტ სტურუა. ისიც თეატრით ცხოვრობს. არ დამავიწყდება, სერგო ზაქარიაძე მაშინ რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სტურუამ „სალამურა“ დადგა. სცენაა ასეთი, იარუსებზე კარი უნდა გვეჯახუნებინა. ავად გავხდი, ორი დღე გავაცდინე. ბატონმა სერგომ მთელი ამბავი ატეხა, არ მეგონა თუ ასე მიღალატებდიო. ისიც თეატრით ცხოვრობდა. გასტროლებზე თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი. რიჩარდში მე და ნანული სარაჯიშვილი პრინცებს ვთამაშობდით. ასე გადაწყვიტა რეჟისორმაც და  თეატრის მაშინდელმა დირექტორმა აკაკი ბაქრაძემ. რიჩარდით და კავკასიურით მოვიარე ნახევარი მსოფლიო. ყველა წარმატების მომსწრე ვარ. არ დამავიწყდება ლონდონში „რიჩარდ III“  რომ ვითამაშეთ. დამთავრდა სპექტაკლი და წამოვიდა თაიგულების ნაკადი. ითამაშო ინგლისში შექსპირი, ფეხზე მდგარი მაყურებელი ოვაციას გიმართავდეს და სცენიდან არ გიშვებდეს, ამას რა დამავიწყებს…“

„ბარდღუნიადან იულიუს კეისრამდე? ბარდღუნია რომ ვითამაშე და რუსთაველის მსახიობი გავხდი, მესამე კურსზე ვიყავი. შემდეგ იყო ჭინჭრაქა, კიდევ ბევრი როლი და ასე ნელ-ნელა მოვყვებოდი.სტურუამ რომ მითხრა, იულიუს კეისარი უნდა ითამაშოო, არ დავიჯერე. წიგნიც მაჩუქა წარწერით: „კეისარო აღსდექ!“ ყველა ერთი ამოსუნთქვით ვმუშაობდით. ძალზე საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა. ახალგაზრდები კარგად და საინტერესოდ მუშაობენ და მეც მათთან ერთად, მათ გვერდით. დანარჩენი მაყურებელმა განსაზღვროს.

“ბოლოთქმა? ჩემს ცხოვრებაში ახლა ორი რამეა. ერთი ჩემი შვილიშვილი, მეა უფლისაშვილი. ამერიკაში ცხოვრობს. დავჯდები კომპიუტერთან, ველაპარაკები. ის იქიდან მეძახის ბაბუ, მე აქედან ვეფერები, ცრემლიც გადმომივარდება. 70 წლის კაცს მეტი რა უნდა. მეორე — თეატრია. კიდევ ველოდები ახალ როლებს, ვნახოთ რა იქნება. ჩემი ცხოვრების არსი თეატრია, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. თეატრმა საზოგადოებას თავისი სათქმელი უნდა უთხრას, თავისი აზრი უნდა მიიტანოს მაყურებლამდე. თუ ეს მისია კარგად შეასრულა, გამოდის, ფუჭად არ გვიშრომია — ეს კი გამარჯვებაა!“

 

 

ყველა ახალი ამბავი
0