იალტაში ნამღერი ვარადა

© საოჯახო არქივიცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ოთარ ჟორდანია
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ოთარ ჟორდანია - Sputnik საქართველო
გამოწერა

 გოჩა ხუნდაძე

 ქართულ-აფხაზური ურთიერთობები კვლავ ერთ-ერთი უმტკივნეულესი თემაა. ახლა გონიერება თუ გვიხსნის, თორემ ომი და ქედმაღლობა რადაც დაგვიჯდა, კარგად ვხედავთ. დადგა დრო მომხდარის განსჯისა და მომავლისკენ გახედვისა. ემოცია გვერდზე უნდა გადავდოთ და იმ ადამიანებს მივუგდოთ ყური, ვინც აფხაზეთის ტკივილით ცხოვრობს, ვისთვისაც ძვირფასია ამ საოცარი კუთხის წარსული და მომავალი. მინდა შემოგთავაზოთ ფრაგმენტი ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ ოთარ ჟორდანიას ინტერვიუდან. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ ბატონი ოთარის მონათხრობი და პრობლემის მისეული შეფასება. 

ოთარ ჟორდანია: ის, რაც გვჭირს, ორივე ხალხის ტრაგედიაა. რაზეც მაშინ შეგვეძლო შეთანხმება, დიდი ხნით გადაიდო. მოთმინებით უნდა მოგვესმინა აფხაზების მოთხოვნები. უნდა დაგვეთმო კიდეც. ბევრი უნდა დაგვეთმო. საბოლოოდ, ჩვენც მოვიგებდით და აფხაზებიც. ახლა ორივე მხარე წაგებულია. დიახ, იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა უკიდურესად რთულია, რომ აფხაზეთში ძალიან ძლიერი ანტიქართული პროპაგანდაა და ახალგაზრდობასაც ასეთი სულისკვეთებით ზრდიან, მჯერა, საბოლოოდ, კვლავ ერთად ვიქნებით. აფხაზები აუცილებლად დარწმუნდებიან, რომ მათი ეროვნული უსაფრთხოება ქართველებთან და საქართველოსთან არის დაკავშირებული. ქართველ ერს მათთვის არაფერი დაუშავებია. აქსიომაა, რომ პარტიის ცეკა და ქართველი ერი ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინათ. 

გულდასაწყვეტია, რომ ასე არ მოხდა. კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ისინი რუსეთს დაუკავშირდნენ, რომელმაც თავის დროზე საკუთარი სამკვიდროდან აყარა და უცხოეთში გააძევა ათასობით აფხაზი. ეს გენოციდი იყო. ცარიზმის კვალზე მოსულმა ბოლშევიკებმა (მათ შორის აფხაზებმაც) უმოწყალოდ ხოცეს ინტელიგენცია, თავად-აზნაურობა, აფხაზთა საუკეთესო ნაწილი და ერი უთავოდ დატოვეს. მალე აფხაზები ამაზეც დაფიქრდებიან. მე ომის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და მაშინვე გავაპროტესტე, როცა ტანკები დაძრეს აფხაზეთისკენ. ეს იყო შეცდომა. ქვეყნის ხელისუფალთ უნდა სცოდნოდათ, რომ აფხაზებთან ნებისმიერი დაპირისპირება რუსეთთან კონფლიქტში გადაიზრდებოდა. ძალით ამ პრობლემას თვით სუპერსახელმწიფოც კი ვერ მოაგვარებს. ჩვენ, აფხაზებმა და ქართველებმა უნდა მოვნახოთ საერთო ენა. 

მახსენდება ადამიანური ურთიერთობები, ის, რაც გვაახლოებდა აფხაზებთან. არასოდეს დამავიწყდება ბატონი გიორგი ძიძარიას ამაგი. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ ჩემი სტუდენტობის დროიდან, როცა მან სახელობითი სტიპენდიის დანიშვნისას, მაამებელთა პოზიციის მიუხედავად, საკითხი პირუთვნელად გადაწყვიტა და აფხაზ კონკურენტთან „შეჯიბრებაში“ ჩემი, ქართველის მხარე დაიჭრა. კიდევ ერთი ამბავი: მამა გარდამეცვალა. ბუნებრივია, ასეთ დროს კაცი დაბნეული ხარ. პირველები აფხაზები მოვიდნენ, მხარში ამომიდგნენ და ყველა პრობლემა უჩუმრად მომიგვარეს. ამის დავიწყება შეუძლებელია. სხვათა შორის, მამაჩემმა კარგად იცოდა აფხაზური – წლების მანძილზე მოქვში აფხაზურ სკოლასაც ხელმძღვანელობდა. მისი და, საერთოდ, ჟორდანიების საგვარეულო ტრადიციების დამსახურებაა, რომ აფხაზებთან ყოველთვის გულწრფელი, გულისხმიერი დამოკიდებულება მქონდა. ჩვენს ურთიერთობებს შეხვედრები, კონტაქტები სჭირდება ყველაზე მეტად. 

2001 წელს იალტაში შევხვდით ქართველები და აფხაზები ერთმანეთს. დიდი ხნის შემდეგ კვლავ ვნახე სერგეი შამბა, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ალეკო გვარამია. თავდაპირველად დაძაბულები, გაუცხოებულები ვიყავით, თანდათან აეწყო საუბარიც, ურთიერთობაც. გულთბილი, ადამიანური გარემო იყო. ქართველებისადმი აგრესიულობით გამორჩეულმა ბორის გურგულიამ, ომში შვილმკვდარმა კაცმა, გვითხრა, ვერასოდეს დავივიწყებ, როგორ მეხმარებოდნენ ქართველები შვილის ცხედრის ძებნაშიო. 

რესტორანში სადილად და ვახშმად ცალ-ცალკე ვსხდებოდით. ერთ დღეს ქართველებმა თადარიგი დავიჭირეთ და, როცა აფხაზები რესტორანში შემოვიდნენ, ვარადას სიმღერით შევეგებეთ. გაოცდნენ, ასეთ რამეს არ ელოდნენ. ჩვენებმა კი თანდათან მეტი სითბო და სევდა ჩააქსოვეს ამ დიდებულ მელოდიაში. გარინდებული ისმენდნენ აფხაზები, არ იცოდნენ, რა ექნათ. მერე თვითმხილველებმა გვიამბეს, გამომგზავრებულებს, თვითმფრინავში დაუგუგუნებიათ ქართული სიმღერა. იცით, ეს ძალიან ნიშანდობლივია. 

ჩვენში მეტად დიდია ერთმანეთის სიყვარული, ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს: ბავშვობა, სწავლა, მეზობლობა, მოყვრობა, საქმიანობა, ჭირი და ლხინი. ცხოვრებაც ეს არის და ამ საწყისებს უნდა დავუბრუნდეთ. მჯერა, აუცილებლად აღვადგენთ ერთიან სახელმწიფოს, სადაც აფხაზეთს თავისი ღირსეული ადგილი ექნება. დასამადლებელი, ვფიქრობ, არაფერი აქვთ. უნდა მივეჩვიოთ ამას: თუ აფხაზი კარგად იქნება, კარგად იქნება ქართველიც; თუ ქართველი კარგად იგრძნობს თავს აფხაზებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზთა ეროვნულ უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება. მთავარია, დავძლიოთ წყენა, დავივიწყოთ დაპირისპირება და დავიწყოთ შერიგების გრძელი, მაგრამ გარდაუვალი პროცესი.


ყველა ახალი ამბავი
0