ვახტანგ კობაიძე
აგერ ახლა, ამ დღეებში, ძველმა მეგობარმა, ფარნა ზაქარაიამ, სოციალურ ქსელში იკითხა, საინტერესოა, რობიკოს თუ უპასუხა მისმა აღმატებულებამო — ამერიკის ელჩს გულისხმობდა. გახსოვთ, ალბათ, ნოემბრის დამდეგს, ბატონმა რობერტ სტურუამ წერილით მიმართა იან კელის (თან ამ ბარათში ორჯერ სთხოვა პასუხის გაცემა). გზავნილის პათოსი საკმაოზე მეტად მკაცრი და, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სამართლიანი იყო. საილუსტრაციოდ ერთ ამონარიდს მოვიტან:
„…რატომ იცავთ იმ ავაზაკთა ბანდას, საქართველო რომ გაანადგურა, მოსპო დემოკრატია, გახრწნა და ფულებით გაბერა ვიღაც-ვიღაცა ჩინოვნიკები; რატომ ურეკავთ, არიგებთ და ასე საეჭვოდ ეხმარებით ავადმყოფს, ვისაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ ჩამოართმევდა… იქნებ ამიხსნათ, რა ბოროტება დაატყდა ჩვენს პატარა ერს, რომ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებთ და გვიკრძალავთ საკუთარ აზრს და გვკარნახობთ თუ როგორ მოვიქცეთ? თუ რაღაც დიდი სტრატეგიული საიდუმლო არ გახლავთ, ბატონო ელჩო, თუ ამის უფლება გაქვთ, დიპლომატიურად მაინც მიპასუხეთ“. წერილს ხელს აწერს„ამერიკის პატრიოტი, რ. სტურუა!“
უნდა გავაწბილო ჩემი მეგობარი: ამერიკის ელჩს ბატონი რობერტისთვის არ უპასუხია. იან კელის არც ოფიციალური პირის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის უპასუხია. არადა, ქალბატონმა წულუკიანმა კატეგორიულად მოითხოვა განმარტება იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც „რუსთავი — 2“-ისა და ნაციონალების აპრიორმა მხარდამჭერმა და აშკარად მიკერძოებულმა მედიატორმა, იან კელიმ გაავრცელა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. მაშინ მკაცრად გაიჟღერა მინისტრის მიერ ნათქვამმა ფრაზამ: „კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს“…
ამ შემართებისთვის, ჭეშმარიტების მხარეზე დგომისთვის და გაბედულებისთვის, მინდა პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ თეა წულუკიანს. და რა საწყენია, რომ მისი ბევრი თანაგუნდელი, ამერიკის ელჩის ხსენებაზე, ლამის ბუჩქებში იმალება და არად დაგიდევთ ქვეყნის პრესტიჟსა და ღირსებას…
ეგ იდიოტები (თბილისში მოღვაწე უცხოელების მ.სააკაშვილისეული ეპითეტია!) ყოველთვის ორმაგი სტანდარტით ჭრიან და კერავენ. ასე იყო მაშინაც — 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეები რომ დაგვიხოცა რეჟიმმა. ხომ არ გგონიათ, სამძიმარი გამოხატეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში. გაატარეს — დერჟავის განაწყენება არ აწყობდათ. დემოკრატიაც დაივიწყეს და ადამიანობაც. აგერ ახლა, ნატოს წევრ თურქეთში, ორი ტელევიზია შტურმით აიღო პოლიციამ. ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, ამ ჩვენს ხელისუფლებას კი, ვიღაც ნაკაპიტნარი გიგაურისა და მისნაირების ცრუდასმენებით, ლამის არის ყური აუწიონ (პირდაპირი გაგებით)!
გირგვლიანის მკვლელების, „იმედის“ დამრბევების, მომიტინგეთა სისხლში ჩამხშობების მხარდამჭერები, უწინარესად, საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და იმ იდეალებს ღალატობენ, ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა რომ დაუდეს სათავე.
ბატონო ელჩო,თქვენ რა, მართლა გჯერათ ენდეაის კვლევებისა?! რეალობა ბევრად მძიმეა, ვიდრე გგონიათ. დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის პოზიციები შაგრენის ტყავივით ილევა და ამის მიზეზი თქვენი და თქვენი კოლეგების მიერ ფაშისტური ნაცმოძრაობისა და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების ცალსახა მხარდაჭერაა.
სიმართლე გითხრათ, შემშურდა აზერბაიაჯანელების საქციელი — როგორც კი ჭკუის სწავლება დაუწყეს, ევროკავშირს ხელი დაუქნიეს და დაანახეს, რომ არავის გაათელინებენ სუვერენული სახელმწიფოს ღირსებას. ჩვენ კი ქართველი ხალხის ფულით მოსყიდულ-მოქრთამული კარლ ბილტისა და ევროპის სახალხო პარტიის მძევლები ვართ. არასაპარლამენტო პარტიები, იმის ნაცვლად, რომ დიდი სახალხო პროტესტის სათავეში დადგნენ, ამერიკის ელჩთან ქულების დაწერაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამდენი თავის მართლებით, დაძალებული კოჰაბიტაციითა და დათმობით ეს ქვეყანა ყუაზე დავიდა. ჰოდა, ვინმემ უნდა ითავოს და დიდი საპროტესტო აქციით მხარდაჭერა გამოუცხადოს ქართულ სახელმწიფოს, მის მთავრობას და, როგორც 2012 წლის 29 სექტემბერს, ახლაც მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველო მონების და რობოტების ქვეყანა არ არის.
P.S. ბატონო ელჩო, ეგებ ინებოთ და, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგვცეთ საშუალება, საჯაროდ გავეცნოთ თქვენს პასუხებს ქალბატონი წულუკიანისადმი და ბატონი სტურუასადმი. მერწმუნეთ, დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!