თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა სრული შემადგენლობა ბოლო მატჩების შედეგების მიხედვით სამშაბათს საღამოს გახდა ცნობილი. ერთ–ერთ მატჩში უკრაინის ნაკრებმა მოიპოვა ევროს საგზური.
ტურნირში, რომელიც 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში საფრანგეთში ჩატარდება, 24 გუნდი მონაწილეობს: ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, პორტუგალია, ბელგია, იტალია, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია, ხორვატია, უკრაინა, ჩეხეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, თურქეთი, ირლანდია, ისლანდია, უელსი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და საფრანგეთი.
საფეხბურთო ზეიმი პარიზში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაჩრდილა. პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.
მომხდარის გამო ტურნირის სტუმრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მრავალ განცხადებას საფრანგეთმა მტკიცედ უპასუხა, რომ პრობლემები არ შეიქმნება, რომ ევროპის ჩემპიონატის გადადების საკითხი არ დგას.
„სპორტს ტერორიზმით ვერ შეაჩერებ, — განაცხადა საფრანგეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა პატრიკ კანემ. — ევრო მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარდება. უსაფრთხოების ზომები, ამჟამინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გაძლიერდება, მაგრამ შესანიშნავი ზეიმის გადადების საკითხი არ დგას“.
მანამდე უეფამ განაცხადა, რომ ევრო–2016 საფრანგეთში 2016 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
„ევრო 2016–ის საორგანიზაციო კომიტეტი სამ წელზე მეტია უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაფერისი მექანიზმების შემუშავებისთვის შესაბამის ორგანოებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ზომები მიღებული იქნება. ევრო 2016–ის კენჭისყრის ცერემონია, როგორც დაგეგმილი იყო, 12 დეკემბერს პარიზში გაიმართება. ფინალური ტურნირი საფრანგეთში 2016 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში გაიმართება“, — ციტირებს უეფას განცხადებას ITV.
ფინალური სტადიის კენჭისყრა პარიზში 12 დეკემებრს გაიმართება. კალათების შემადგენლობა ასეთია:
კალათა 1: ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, პორტუგალია, ბელგია;
კალათა 2: იტალია, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია, ხორვატია, უკრაინა;
კალათა 3: ჩეხეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი;
კალათა 4: თურქეთი, ირლანდია, ისლანდია, უელსი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია.