თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველო უნდა დარჩეს სატრანზიტო ქვეყნად, ოღონდ უნდა გააძლიეროს ტრანსზიტული ტვირთების კონტროლი, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.
„თუ ჩავთვალეთ, რომ საქართველოს ტერორისტებისგან არაფერი ემუქრება, ჩვენ შეიძლება ამით ისეთი შეცდომა დავუშვათ, რომელიც ხვალ ძვირად დაგვიჯდება. სხვა თუ არაფერი საქართველო მონიშნულია „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებებში,როგორც მათი ინტერესის სფერო. ესეც რომ არა, ლოგიკიდან გამომდინარე საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სატრანზიტო ქვეყანაა. მათ კი ყველა ტრანზიტის კონტროლი უნდათ, რადგან, ვინც ტრანზიტს აკონტროლებს, იმავდროლად ბევრ რამეს აკონტროლებს.“–აღნიშნა პოლიტოლოგმა
რამაზ საყვარელიძის თქმით, ტერორისტების შემოსავლის ერთ–ერთი წყარო ნარკოტიკების და სხვა არალეგალური ტვირთების ტრანზიტისგან მიღებული შემოსავალია. საქართველო კი სატრანზიტო ქვეყანა. აქედან გამომდინარე ადრე თუ გვინ ისინი მოისურვებენ თავიანთი შემოსავლებისა და კომუნიკაციის არხების გაკონტროლებას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიას განცხადებით იმისათვის, რომ საქართველო არ გახდეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისთვის სატრანზიტო ქვეყანა, მთავრობა ყველა შესაძლო ზომას იღებს. გაძლიერებულია კონტროლი საზღვრებზე, აეროპორტებში და ასევე ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე.
„აღიკვეთა საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა შემოსვლის ათობით შემთხვევა, მათ შორის, აფრიკისა და არაბეთის ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობდნენ ტრანზიტით შემოსულიყვნენ საქართველოში, რათა მერე თურქეთში გადასულიყვნენ, იქიდან კი — სირიაში“, — განაცხადა იზორიამ.
„საუბარია არა მხოლოდ აქტიურ ტერორისტებზე, არამედ პოტენციურ ტერორისტებზეც… მარტო სომალიდან ასეთთა რაოდენობა 30–ს აჭარბებს“, — აღნიშნა მან.
იზორიამ განაცხადა, რომ გუშინ უწყების თანამშრომლებმა აზერბაიჯენელ კოლეგებს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის დაკავებაში დახმარება აღმოუჩინეს.
„გუშინ აზერბაიჯანში, ქალაქ ბელაქანში, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც საქართველოსთან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა, რათა მერე სირიაში გამგზავრებულიყო და იქ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ებრძოლა“, — თქვა იზორიამ.