რაზე ოცნებობდა კოტე მახარაძე - მსახიობის აქამდე გამოუქვეყნებელი ინტერვიუ

© National Library of Georgiaმსახიობი კოტე მახრაძე
მსახიობი კოტე მახრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
- გინდათ, ჩემი ოცნება გაგიმხილოთ, რომელსაც ალბათ ვერ მოვესწრები? მე მინდოდა შემექმნა კოტე მახარაძის დიდი თეატრალური სასწავლებელი - სადაც ბალეტს მაკა ასწავლიდა, იმას სოფიკო, ამას ის, იმას ეს... რომ ამ ხალხს შეექმნა მომავალი თაობის მოქალაქეები, მომავალი თაობის არტისტები. მე მინდა, რომ ჩემიანები, მინდვრის ყვავილებივით ყველგან მოეფინონ.

1926 წლის 17 ნოემბერს დაიბადა კოტე მახარაძე — აღიარებული მსახიობი, სპორტული კომენტატორი, ტელე-ჟურნალისტიკის პედაგოგი. მან მოღვაწეობა დაიწყო რუსთაველის თეატრში, მერე გადავიდა მარჯანიშვილის თეატრში და ბოლოს შექმნა ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“. კოტე მახარაძე იცნობდა და უსაუბრია ისეთ სპორტსმენებთან და მსახიობებთან, როგორიცაა პელე, მარადონა, ჩარლზ ლოუტონი, ლორენს ოლივიე… „შთაბეჭდილებებით გაბერილი ვარ — გვითხრა ერთხელ — ბედმა თუ განგებამ ცხოვრების ორომტრიალში ჩამაბა.“ ბატონ კოტე მახარაძეს მისი დაბადების დღეს, 2000 წლის 17 ნოემბერს შევხვდით. გვსურს მკითხველს გავაცნოთ ამ ლეგენდარული პიროვნების დღემდე გამოუქვეყნებელი ინტერვიუ.

— ბატონო კოტე, სანამ საუბარს დავიწყებდით, თქვენ მითხარით, რომ გარკვეულ ასაკს სიბრძნე მოაქვსო და მართლა ასეა? 

— ასაკს გამოცდილება ხომ მოაქვს? და ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოცდილებაში სიბრძნე დევს. მერე არის პერიოდი, როცა ბევრ როლს თამაშობ, მეტ წიგნს კითხულობ — ვთქვათ 10-15 წიგნს, ოღონდ გააზრებულად ირჩევ ამას და არა იმას. რაღაცა პატარა განათლებას, ხომ იძენ? ამდენად ხდება მეტი განსჯა, მეტი აწონ-დაწონვა საქციელებისა და შეიძლება ეს აფიქრებინებს კაცს, რომ დაბრძენდა. თორემ…

— რაც ახალგაზრებს ახასიათებთ — იმპულსურობა, ემოცია, ამბობენ, რომ ასაკთან ერთად ქრება, მაგრამ მე ვხედავ, რომ მოვლენებისადმი ემოციური დამოკიდებულება გაქვთ და როგორ ხდება ამის შენარჩუნება თუ ეს ხასიათია, იქნებ პიროვნების თვისებაა?

— ღმერთმა ნუ ქნას, ეგ გამიქრეს და ნებისმიერი მოვლენის მიმართ ინდფერენტული ვიყო, მაშინ ფაქტობრივად ყველაფერი დამთავრდება და სიცოცხლეს აზრი დაეკარგება: როცა შენთვის სულ ერთია, როგორ ცხოვრობს შენი ქალაქი, შენი ხალხი, აღარ გაინტერესებს გამოგხედავს თუ არა, ის ქალბატონი განსაკუთრებული ყურადღება, რომ მიაქციე, როლი კარგად ითამაშე თუ ცუდად… მაშინ რჩები იმ კაცად, რომელიც ნელ-ნელა ჩაქრება, ბოლოს ყველა ჩავქრებით, მაგრამ სანამ ვართ ამ ქვეყანაზე, ღმერთმა ნუ ჩაგვიქროს ემოცია და სამყაროს აღქმით გამოწვეული ყოველდღიური აღტაცება.

— ბატონო კოტე, ჩვენ სიბრძნეზე ვლაპარაკობდით, თქვენ ახსენეთ განათლება, ჩემი აზრით ეს კიდევ სხვა რამ არის, ვინაიდან შეიძლება ბევრი წიგნი წაიკითხო, მაგრამ არ იყო ბრძენი. მე მაინტერესებს, რას ეძახით თქვენ ბრძნულ ნაბიჯს?

- იცი, რა მგონია ბრძნული ნაბიჯი? ვთქვათ მოვლენები ალტერნატიულია — ეს და ის — შენ ირჩევ  ფიქრობ და ზომავ. ხომ არის ცნობილი ანდაზა: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერი“. ასაკში, ეს როგორც წესი ისე შემოდის შენს ცხოვრებაში. როცა დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამ, როცა ბევრ მაცდურ წინადადებაზე იტყვი უარს. ამ დროს სწორედ გონება და სიბრძნე გშველის. რაც შეეხება განათლებას, თქვენ რაც ბრძანეთ სრული სიმართლეა, მაგრამ განათლება დიდი საყრდენია. შენ თითქოს უკვე გაქვს პასუხი ამა თუ იმ მოვლენაზე, თეატრალური ენით რომ ვთქვათ ემოციურ მახსოვრობაშია, არა? შენ გახსოვს როგორ შეგემთხვა, გახსოვს სხვას როგორ შეემთხვა, გახსოვს მწერალმა როგორ დაწერა. ეს ყველაფერი ადამიანს ბევრს მატებს. ბავშვობიდან მიყვარდა წიგნების კითხვა, ამიტომ ჩემს თავს წიგნიერ ადამიანად ვთვლი. ჩემზე განათლებული ხალხიც არის და უფრო გონიერი, მაგრამ მე ცხოვრება მიქმნიდა ისეთ პირობებს, რომ წიგნი იყო ჩემი დასაყრდენი.

- ბატონო კოტე, თქვენ მოღვაწეობდით რუსთაველის თეატრში, მერე მარჯანიშვილის თეატრში, ახლა „ერთი მსახიობის თეატრში“ ხართ? ადამიანს არ ანებებს თეატრი თავს თუ პირიქით, ადამიანი ვერ შორდება მას?

- მე გეტყვით, მასშტაბური თეატრიდან  ჩემს განდგომას. თუმცა, მე ოფიციალურად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ, სადაც გაქრა ჩემი სამუშაო — სხვა სტილისტიკა ინერგება და მე განზე ვდგავარ.

რატომ ავირჩიე ეს გზა? იცით მე გავთავისუფლდი მონობისაგან და ამ მონობას, დღევანდელ თეატრში ქმნის რეჟისურა. არტისტი, ხომ ისედაც მონაა, სხვის დაწერილს კითხულობს, არა? აი, წერია: „ყოფნა, არ-ყოფნა“ ან „რად არ მეშლება ეს სხეული“ და მორჩა — ამას ისე კი არ ამბობ, როგორც შენ ხედავ, არამედ ისე უნდა თქვა, როგორც იმ კაცს უნდა და ვერ შეედავები, ვინაიდან ის არის რეჟისორი. ვერიკო ანჯაფარიძეს და აკაკი ხორავასაც ჩაუსწორებდა ახალგაზრდა რეჟისორი. თუ ვერიკოს უსწორებ, კოტეს მითუმეტეს უნდა გაუსწორო. და რა გამოდის? ის მიწორებს, ეს მისწორებს, არადა მე თუ ცოტა ჩემებურად  ვითამაშე, თქვენ — თეატრმცოდნეები იტყვით — ანსამბლს არღვევსო.

ვიფიქრე, რომ შეიძლება არსებობდეს თეატრალური ფორმა, რომელიც მიესადაგება კოტე მახარაძის ბუნებას. აქ მე ვირჩევ რა მაქვს სათქმელი, აქ მე ვირჩევ ნაწარმოებს, თვითონ ვთამაშობ და არავინ მეხმარება. ჩავარდა სპექტაკლი? ვეღარ იტყვიან — კოტე კი კარგი იყო, მაგრამ ვიღაცამ მხარი ვერ აუბა. 

— დიდი სცენა, არ გენატრებათ, ბატონო კოტე? აი, ეს ლტოლვა არა გაქვთ?

- საკუთარ სახლში მოვიტანე თეატრი, ლტოლვაზე მეტი არ არის? არ მინდა სხვა თეატრი, პირიქით სხვები ილტვიან აქეთ და მეხვეწებიან აქ გადმოგვიყვანეო.

— თქვენი თეატრის დარბაზი პატარაა, სცენაც — ახლო ხედის პრინციპია…

- ერთი მსახობის თეატრის ესთეტიკას ბევრი მაყურებელი არ სჭირდება. აქ მოქმედებს პრინციპი: მოდი გენაცვალე, ყურში გეტყვი რაღაცას… აი ასე, ყურში უნდა ჩაგჩურჩულო — მაშინ გაიფიქრებ: აქ რაღაცა საინტერესოს ამბობენ. და მერე, ეს შეიძლება ჩემი პირადი სურვილია, მაგრამ მინდა მაქსიმალურად მივუახლოვდე ინტელექტუალურ თეატრს. კომედიური, სახასიათო როლები, კი ბატონო, შესანიშნავია, მაგრამ მე არ ვარ იმ თეატრის მსახიობი! მე ამ თეატრის მსახიობი ვარ, სადაც, რომ მოხვალთ და ბაგრატიონების იმ 1000 წლიან ისტორიას წაგიკითხავთ, რომელიც გგონიათ რომ იცით და უცებ აღმოაჩენთ, რომ თურმე არ იცით. ბედნიერი ვარ, რომ მე პირველმა ვთქვი — ილია ჭავჭვაძე არ იყო ისეთი ასკეტი, როგორც თქვენ ხატავთ! არა, ბატონებო! მას ცოლი ჰყავდა და 23 წლით უმცროსი სხვა ქალი უყვარდა — ნატო გაბუნია, თან როგორ უყვარდა. და როცა ამის თქმას ვაპირებდი — დამეტაკა ხალხი: კოტე, ილიაზე რას ამბობ, დაგისტვენენ დარბაზიდან! მე ვუთხარი: მეტს ვიტყვი — კაზინოში მაყუთზე რომ თამაშობდა, იმასაც ვიტყვი და ისიც ვთქვი!

- ბატონო კოტე, როდის იყო ის არაჩვეულებრივი დღე, როცა ოცნება აგისრულდათ?

— გულწრფელად ვამბობ: ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე და სოფიკო ცოლ-ქმარი გავხდებოდით. კი, იყო პერიოდი, როცა ერთმანეთი შეგვიყვარდა, მაგრამ ერთად თუ ვიქნებოდით — ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. მაგრამ, როცა დადგა მომენტი — ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი ბედნიერების დღე იყო. მერე ილიას იუბილე იყო და ყველა თეატრი დგამდა სპექტაკლებს და უცებ შედგა ჩემი სპექტაკლი და ფანტასტიკური წარმატება ხვდა წილად, ისეთი, რომ ერთი თვის ბილეთები წინასწარ გაიყიდა.

— ბატონო კოტე, დასამალი არ არის და მე როგორც ვიცი, თქვენით ბევრი ქალბატონი მოხიბლულა…

— თქვენ ეს გჯერათ?.. როგორ დაიჯერეთ?

- მე ასე გამიგია და თქვენ, როგორ ფიქრობთ, რა ხიბლავდათ ქალბატონებს?

— მოდი, მე რამდენიმე გვარს დაგისახელებთ, შევკრიბოთ ისინი და იმათ ვკითხოთ — რა ხიბლავდათ ჩემს პიროვნებაში — თუკი ხიბლავდათ. ერთხელ ჩემმა სკოლის მეგობარმა მკითხა, სწორედ ასე და დაამატა — ისეო და ასეო… ვუპასუხე: არ ვატყუებდი ქალებს! თუ ვიტყოდი, ვთქვათ ცოლად გითხოვ — ვთხოულობდი. რასაც ვამბობდი, ვასრულებდი. რატომ უნდა მოვატყუო ქალი, რომელიც მომწონს და მიყვარს.

ისე, უნდა გითხრათ, რომ მეტიჩრულად კი არა, სწორად ვყელყელაობ. ქალს, ცოტა მეტად უნდა მოაჩვენო თავი, ვიდრე სინამდვილეში ხარ. ახლა თუ მაინცადამაინც შურიანი ხარ, ნუ გადმოანთხევს შენს ბოროტებას — რა საჭიროა! ის ქალი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კარგ მამაკაცს უყვარს.

— თქვენს წარმოსახვაში ვინ არის ქალი, ბატონო კოტე?

— რაც ცაშია, რაც დედამიწაზეა, რაც დაფრინავს, რაც მიწის ზემოთ არის — აი, იმ ყველა არსებათა შორის ქალია უმაღლესი რანგის არსება. ამ სამყაროში, ის ყველაზე დიდი მშვენიერებაა და როცა ამ ქალს შენ ირჩევ — იცით, ეს რა დიდი ბედნიერებაა? ძალიან კარგი სიტყვაა — რჩეული! მე ვთვლი, რომ ქალის გარეშე, მისი მონაწილეობის გარეშე, მისი კონკრეტული და უდიდესი როლის გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი იქნებოდა.

— ბატონო კოტე, თქვენი დიდი ოჯახის წევრებს შეხვდებით ხელოვნების ყველა სფეროში… ისინი მუშაობენ ოპერაში, მარჯანიშვილის, რუსთაველის, კიმოსახიობთა თეატრებში. 

- გინდათ, ჩემი ოცნება გაგიმხილოთ, რომელსაც ალბათ ვერ მოვესწრები? მე მინდოდა შემექმნა კოტე მახარაძის დიდი თეატრალური სასწავლებელი — სადაც ბალეტს მაკა ასწავლიდა, იმას სოფიკო, ამას ის, იმას ეს… რომ ამ ხალხს შეექმნა მომავალი თაობის მოქალაქეები, მომავალი თაობის არტისტები. მე მინდა, რომ  ჩემიანები, მინდვრის ყვავილებივით ყველგან მოეფინონ. მაგრამ ერთი კატეგორიული პირობა მაქვს: კაცური კაცი უნდა იყოს და ქალური ქალი, მაგრამ თუ ღირსებას,  ზნეობას დაკარგავს — არ თქვას, რომ ჩემიანია. ახლა, თქვენ მისმენთ და  ფიქრობთ — კოტეს, თავისი თავი, რა ბატკანი ჰგონია და ალბათ რამდენი ცოდვა აქვს ჩადენილიო. ბევრი, ბევრი — ადამიანი ვარ და ჩემთვის არაფერია უცხო! მიღალატია და ჩემთვისაც უღალატიათ, გამჭირვებია ამ ნიადაგზე და სხვებსაც გაჭირვებიათ. სხვისი ბედნიერებაც გამიკენწლავს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი  ჩემ ირგვლივ — ყველგან, სიკეთე დამეთესა. ასე იყო ადრე და ასეა ახლაც.

© Courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე
სერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე


 

 

ყველა ახალი ამბავი
0