რა ჟანრის მუსიკას ირჩევს ნუგზარ ერგემლიძის შვილი?

© ნინო ცხოიძეგიორგი ერგემლიძე
გიორგი ერგემლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ნინო ცხოიძე

 ბოლო ათ წელზე მეტია, ფართო საზოგადოება, ძირითადად, რამდენიმე ცნობილ ადამიანს ხედავს ეკრანებზე, ჟურნალების გარეკანსა და ე.წ. მაღალი დონის წვეულებებზე… არადა, საქართველო ნიჭიერი და გონიერი ხალხის დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის. დღეს წარმოგიდგენთ მომღერალს, რომელიც არც თუ უცხო სახეა, მაგრამ მისი სამყარო მაინც უცნობია მისივე თაობის მსმენელებისთვისაც კი. ეს არის მუსიკოსი, რეჟისორი, კლიპმეიკერი და მომღერალი გიორგი ერგემლიძე. რა საკვირველია, იგი არ უარყოფს, რომ მუსიკით დაინტერესება სწორედ ოჯახის გავლენის შედეგია. მაგრამ 5 წლის ასაკში უკვე მამის, ცნობილი მომღერლის, ნუგზარ  ერგემლიძის შემოქმედებისაგან განსხვავებული მუსიკით მოიხიბლა და მის გემოვნებასაც, გარკვეულწილად, ფრედი მერკურისა და ცნობილი კვარტეტ ”ბიტლზის”-მელოდიურობას უკავშირებს, რასაც მისი მშობლები უსმენდნენ. 10 წლისას მამამ სინთეზატორი უყიდა და 12 წლისა უკვე არანჟირებით დაინტერესდა. მამის იმ სიმღერებსაც მღეროდა, რომელიც მსენელისთვის ნაკლებად ცნობილია. 

 13 წლის ასაკში მისთვის როკი უკვე მომაბეზრებელი აღმოჩნდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ რაც შენეულია, ის უნდა დაიტოვო. მოდა ხომ მეორდება! შემოქმედებითი მიმართულება, რომელიც მან აირჩია, ალტერნატიულ მუსიკას უკავშირდება. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია მსმენელის გემოვნების ჩამოყალიბება და საკუთრი მაყურებლის პოვნა, რაც გიორგის აზრით, საქართველოში უფრო ჭირს, ვიდრე საზღვარგარეთ.

 -გიორგი, არის მუსიკა განწყობისთვის და არის შემოქმედება ბიზნესისთვის. ზოგჯერ შეიძლება ეს სრულიად განსხვავებული იყოს. შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია? როგორ უნდა გათვალო, რომ ისიამოვნო, მაყურებელსაც ასიამოვნო და აქედან შემოსავალიც გქონდეს? არის საქართველოში ამის შესაძლებლობა?

 —ჩემი აზრით, თუ შენს განწყობას სხვისიც ემთხვევა და ამაში ადამიანები დიდ ფულს იხდიან —ეს ბიზნესია. მთავარია, იპოვო ის სეგმენტი, რომელიც შენი მუსიკით ისიამოვნებს. ხოლო თუ შენ იძულებით ერგები მაყურებელის გემონებას — ეს უკვე დეგრადაციაა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ერგემლიძის შექმნილი კომპოზიციები რუსეთის, ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ისმინება, მას მაინც აწუხებს ის, რომ საქართველოში ამგვარი მუსიკის შემფასებელი  ცოტაა.  ამიტომაც მას მსმენელი და მიმდევრები ინტერნეტ-სივრცეში ჰყავს, სადაც მისი შემოქმედება უფრო პოპულარულია. გიორგის ასევე აწუხებს ის ფაქტი, რომ თანამედროვე ქართული სიმღერები საკმაოდ მდარე ხარისხისაა და მომღერლები უმეტესად, ძველი სიმღერების გადამღერებაზე, ანუ „ქავერზე“ მუშაობენ. 

 —გიორგი, როგორ უნდა გახდეს ახალგაზრდა შემოქმედი პოპულარული და საამისოდ რა გზა არსებობს საქართველოში?

 -დღეს ბევრი არ უყურებს ტელევიზორს და ზოგს ბარში წასვლის საშუალებაც არა აქვს. ამდენად, ადამიანების დიდი მასა უფრო კომპიუტერს, ლეპტოპს და აიპადს მიეჯაჭვა. მუსიკას უკვე ტელეფონებშიც კი უსმენენ. ამიტომ ის ადამიანები, ვისაც რაღაც განსხვავებულის მოსმენა უნდა, — ჩემს შემოქმედებას პოულობს. იქნება ეს მუსიკა თუ კლიპი, ვცდილობ ჟღერადობაც იყოს საინტერესო და ამბავიც მოვყვე. ერთფეროვნება არ მიყვარს, თუმცა პოპულარობისთვის მარტო ეს არ კმარა. შარშან ”პროფილში” რომ ვიმღერე ჩემი არანჟირებით გაკეთებული  "ლიანები”, არ მეგონა, რომ ამდენ ადამიანს მოეწონებოდა. მერე უფრო მეტმა მოიწონა ფეისბუკზე და უკვე თვითონ მაყურებლები ტვირთავენ მას "youtube”-ზეც.

 დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ მხოლოდ რადიო-ეთერით არ შემოვიფარგლებით და ტელევიზიები ახალგაზრდა შემოქმედ ადამიანებს უფრო მეტ საეთერო დროს დაუთმობენ. ფაქტია, რომ ხალხს მარტო თბილისური და სუფრული მუსიკა არ მოსწონს. ეს მსმენელის მოტყუებაა. ამგვარი მუსიკა, ალბათ, მოსახლეობის 40 პროცენტს მოსწონს და დანარჩენი 60-ის ინტერესები არ არის გათვალისწინებული. მომავალზე უნდა გავთვალოთ და დღევანდელი დღით ცხოვრების უფლება არ უნდა მივცეთ ადამიანებს. ასე მგონია, ეს დასჯადიც უნდა იყოს. წარსულიც უნდა დავაფასოთ და თან განვითარებაზეც ვიფიქროთ. მაგრამ წარსულსაც ვერ ვაფასებთ, რადგან ირაკლი ჩარკვიანის ბიუსტი არ გვაქვს. ეს ქვეყანა მარტო ქეიფზე და ”ტაშ-ტაშ”-ზე ხომ არ არის აგებული? სატელევიზიო შოუები რომ ავიღოთ: ”ახალი ხმა”,’’ვარსკვლავების აკადებია” და ა.შ. შემოქმედებით სასაფლაოს ვეძახი. ახალი სიმღერა არ იწერება და ამიტომ მომღერლები ”ქავერებს” ასრულებენ. იმდენად ხშირად ჩნდებიან ახალი სახეები, რომ მათი დამახსოვრებაც გიჭირს. ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეიძლება კონკურსიშიც ვერ მოხვდეს ან ფინალში ვერ გავიდეს. ამ პატარა ქვეყანაში ამდენი ახალი სახე, ამდენი კონკურსი არაჯანსაღ კონკურენციასაც ქმნის. ჟიური კი ხშირ შემთხვევაში ცუდ სიზმარს ჰგავს…  ასეთი კონკურსები მხოლოდ ბიზნესის გასავითარებლად იქმნება, რომ ბევრი სმს-ი შემოვიდეს, რეკლამები ჩაიდოს, თორემ ქართული კულტურა და შემოქმედება არ ვითარდება. ასე მეც შემიძლია ალბომი გამოვუშვა და სულ,,ქავერები” ვიმღერო. მაგრამ ჯობია, ახალი სიმღერების პოპულარიზაციაზე ვიმუშაოთ, რომ უცხოელებს ვაჩვენოთ, რა ქვეყანაა საქართველო და რა კულტურა გააჩნია, დღეს რას ქმნის…

 —გიორგი, როგორც ვიცი, მამა არ გირჩევდა მუსიკას გაჰყოლოდი, რადგან ეს შემოსავლიან საქმედ არ მიაჩნია. შენ თუ გაკმაყოფილებს შენი შემოქმედება და რა პერსპექტივას ხედავ სამომავლოდ?

 —მამას დიდი გამოცდილება აქვს და არ უნდოდა, ამ პროფესიას დავუფლებოდი. მაგრამ მე მიყვარს ჩემი საქმე. მითუმეტეს, რომ მომღერლობაზე მეტად მუსიკის შექმნა და მერე მისი არანჟირება უფრო მომწონს. მარტო ვაკეთებ მუსიკას და ყველა ინსტრუმენტის ჟღერადობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამიტომაც მოსწონთ ჩემი მუსიკა. გარდა ამისა, ჩემს გაკეთებულ კლიპებს ძვირადღირებულს რომ ვადარებ, ზოგჯერ მეღიმება. 

- ანუ, ადამიანი ორკესტრი ყოფილხარ?

 - კი ასეა… (იცინის)

-დიდი მადლობა საუბრისთვის.

 მკითხველს შევახსენებ, რომ  შარშან გიორგიმ ახალი ალბომი გამოუშვა, რომელსაც „9“ დაარქვა. მასში მისი  9 ახალი სიმღერა შევიდა. თვითმყოფადი და გამორჩეული ხელწერის მქონე შემოქმედი საკუთარ გზას მიჰყვება და იმედი აქვს, რომ თანდათან უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს. 


ყველა ახალი ამბავი
0