მერაბ ხაჩიძე
როგორც მახსოვს, 1972 წელი იყო. შავ დღეში ჩავარდნილ საბჭოთა ეკონომიკას სასწრაფოდ დასჭირდა ათეულობით მილიარდი შიდა სუბსიდირებისთვის. ხელისუფლება ამ ნაბიჯს „ხალხთან შეუთანხმებლად ვერ გადადგამდა“. ამიტომ წარმოება-დაწესებულებებში „საზოგადოების ინიციატივით“ გამართულ მრავალათასიან მიტინგებზე გაისმა ხალხის „კატეგორიული“ მოთხოვნა — მათივე „კეთილდღეობისთვის“ მთელ რიგ პროდუქციაზე ფასები გაზრდილიყო. აბა, ხალხის მთავრობა ამის წინააღმდეგ როგორ წავიდოდა და ამიტომ მათი,,თხოვნაც“ დიდსულოვნად დაკმაყოფილდა. ეს სისულელე ვის რად უნდოდა და ხალხი სინამდვილეში რას ფიქრობდა, —არც ამის მიხვედრაა ძნელი.
ეს ამბავი უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ 2016 წლიდან პენსიის 50 ლარით გაზრდის შესახებ „ინიციატივის წამოყენებამ“ გამახსენა. მისი განცხადებით 2012 წელთან შედარებით, ბიუჯეტში მთავრობის შენახვის ხარჯები 456 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო იმისთვის, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს, 420 მილიონი ლარია საჭირო. ეს ციფრები სანდოც რომ იყოს (ნაცებს მტერი ენდო), ბაქრაძის წინადადება კარგად ემთხვევა ხელისუფლების სურვილს. ასეთი აქცია მომავალი არჩევნების მოლოდინში ორივეს სჭირდება. ხალხის მართლა უკიდეგანო გაჭირვებით ვინ როგორ სპკულირებს, ეს ცალკე საუბრის თემაა და მთავრობას და პარლამენტს მართლა ბევრი უხერხული კითხვის მოსმენა მოუწევს, მაგრამ მთავარი ბაქრაძის „ინიციატივის“ „იდეოლოგიური“ ნაწილია, რომელიც ისე ჰგავს 1972 წლის ისტორიას, რომ შეიძლება გულიანად იცინოთ: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობაში გადის კითხვით: პენსია, თუ პრემია და იწყებს ხელმოწერების შეგროვებასო“. ასეთი რამ საბჭოთა მთავრობასაც არ მოსვლია თავში აზრად.
ბაქრაძე და ძმანი მისნი ალბათ ამ განზრახულ სისულესაც ჩაიდენენ, მაგრამ პარლამენტში,,პრემიების შემცირების შესახებ“ კანონის „ჩამგდებ“ ხელისუფლებას, ალბათ არ აწყენს ცნობილი დისიდენტისა და მერე ჩეხეთის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის ნათქვამის შეხსენება: „ ჩემი პრეზიდენტობის მესამე წელს მივხვდი როგორ მრყვნიდა ძალაუფლება, რადგან მდივან ქალს ერთი ჭიქა წყლის მოტანა ვთხოვეო“. სახელისუფლებო ხიბლისა და ამპარტავნებიდან გამოსვლას თქვენი აზრზე მოსვლა სჭირდება და არა ჩვენი კომენტარი.
ისევ „ნაცებს“ დავუბრუნდეთ. მათ ისე გაუტიეს, რომ ხალხს ეკითხებიან: სიმართლე თქვით და აირჩიეთ, რა გირჩევნიათ, ჩვენგან აღებული პრემია თუ თქვენი გაზრდილი პენსიაო, რომ მერე მთავრობას დავანახოთ ვინ არის ჩვენში მტყუანი და ვინ მართალიო.
არ მოგვჩვენებია, არც მოგვლანდებია, რომ ეს ადამიანები არ იშლიან ცინიზმსა და უტიფრობას. ერთია, ღირს თუ არა ამ შედევრების შეფასება და სიტყვა-სიტყვით გაყოლა. მაგრამ პროფესიულ თავმოყვარეობას რა ვუყოთ? ასეთი მსუყე ლუკმის ხელიდან გაშვება მეც ისევე მიჭირს, როგორც „ნაცებს“ ბიუჯეტიდან მოპარული ფულების (ამ მთავრობის ხელში) უკან დაბრუნება. მათი ხალხში გასვლისას და „შენი პენსია-ჩემი პრემიაო“- უბან-უბან გამოკითხვისას, ერთი კაი მსუყე ქართულით: ეგ შენი 50 ლარ მომატებული პენსია კარგად დაახვიეო,- რომ უპასუხონ, ხომ იქნება სეირი?
„ნაცებს“ ასაკობრივი სკლეროზი, წესით, არ უნდა სჭირდეთ. ესეც არ იყოს, გულმავიწყობის მიზეზი ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობა უფროა ხოლმე. სწორედ ასეთი „გულმავიწყობა", უსინდისობა და უტიფტობაა იმის საფუძველი, ვერაფრისდიდებით ვერ იხსენებენ იმას, თუ როგორ ავსებდნენ ბიუჯეტს დაყაჩაღებული ბიზნესიდან, 2003 წელს როგორ გვპირდებოდნენ ათჯერ გაზრდილ ხელფასსა და პენსიას; როგორ გაყიდეს მხოლოდ 2007 წელს 40 საბავშვო ბაღი; როგორ გააუქმეს თბილისსა და მის შემოგარენში სარეკრეაციო ზონები და ამის გამო სადაც გინდა, რომელ ხესაც გინდა იმას რომ მოჭრი; მარტო 2007 წელი თბილისის მერიამ სწორედ აქტივების გაყიდვით მიღებული 250 მილიონი ლარით რომ დაასრულა; ორი ათასზე მეტი ე. წ. „მკვდარი სული" თვეში ათასობით ლარს, ახლა მათგანვე „უბან-უბან მოსაფერებელი ხალხის" ხარჯზე რომ იღებდა და საერთოდ, მუხლი რომ არ არის სისხლის სამართლის კოდექსში ისეთი, კონფლიქტში რომ მოდიოდეს „ნაცების" ჩადენილ ყველა უბედურებასთან. ამაზე არ უფიქრიათ და ვერც იფიქრებდნენ, რადგან ეს ხალხი საკუთარი აზროვნებით კი არა, სხვისი ბრძანების უსიტყვოდ შესრულების უნარით იყო შერჩეული. მბრძანებლის გარეშე ყოფნა კი ძალიან გაუჭირდათ. ამიტომაც არის მათი, თითქმის ყველა განცხადება დღევანდელივით „განუმეორებელი".
ქართველებს არც სამშობლოს სიყვარული დაუკარგავთ, არც სინდისი და არც მახსოვრობა. ადამიანურად არ ვურჩევდი ახლა“ნაცებს“ კარდაკარ სიარულს (თუ ამას მართლა აპირებენ), რადგან ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს და წინასწარი გაფრთხილების გარეშე ნათქვამს: გამასწარი ახლა აქედანო! — შეიძლება კეტიც მოჰყვეს ზურგში. და საერთოდ, „ნაცების" ეს ბოლოდროინდელი „ხალხისკენ შემობრუნებები" ერთ ანკედოტურ იგავს წააგავს:
მაიმუნებმა ადამიანურად მოქცევა გადაწყვიტეს. ფრაკებსა და ცილინდრებში გამოწყობილებმა ზრდილობა მოიმარჯვეს, ჯუნგლებში ერთმანეთსა და გამვლელ-გამომვლელს ზრდილობიანად ესალმებოდნენ. ამის შემხვედვარე ლომმა თავის ამალას გადაულაპარაკა: ვერა და ვერ მოიშალეს ამათ მაიმუნობაო!
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!