თბილისი, 16 ნოემბერი— Sputnik. საქართველო იყო, რჩება და მომავალშიც იქნება ყველა კონფესიის ადამიანისათვის ადგილი, სადაც ისინი საკუთარი რელიგიის, შეხედულებებისა და რწმენის სრული მასშტაბით განხორციელებას შესძლებენ,–განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე.
„ამ მძიმე წუთებშიც, როდესაც ყველა შეძრული ვართ პარიზში მომხდარი ტერაქტით ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით იმ ქვეყნად, რომლისთვისაც ტოლერანტობა იქნება ერთერთი მთავარი ღირებულება“, —აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილსი განცხადებით, საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ გაერთიანება და კიდევ ერთხელ ვუპასუხოთ აგრესიას და ტერორს, რომ ვერასოდეს შეგვცვლის ტერორი და არასდროს შეიბღალება ჩვენში ტოლერანტობის სულისკვეთება.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემთვის ტერორიზმი და ვანდალიზმი რელიგიასთან და ისლამთან არ ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავს მუსლიმებს უწოდებენ და ტერორის დათესვას ცდილობენ.ჩემთვის ისლამი არ ასოცირდება იმ საშინელებებთან, რაც დღეს ხდება სირიაში და რაც მოხდა საფრანგეთში“–აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მსოფლიოს მასშტაბით დაღუპული ნებისმიერი ადამიანი ძალიან დიდი დარდის საგანია და მნიშვნელობა არ აქვს სად ხდება ეს — თანამედროვე დასავლურ სამყაროში, თუ აზიის რომელიმე ქვეყანაში.
„ადამიანის სიცოცხლის ფასი ყველგან ერთნაირია და ყველგან საშინელია, როდესაც ჩვენ ვხედავთ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს“–განაცხადა პრეზიდენტმა
„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც განსხვავებულის მიმღებლობის გრძელი და ამაყი ისტორია აქვს. ჩვენ, ქართველები ვამაყობთ იმით, რომ შევძელით და ისტორიის განმავლობაში მრავალი რელიგიის და მრავალი ეთნოსის თანაცხოვრების პრეცედენტები შევქმენით. დღეს, ჩვენი წინაპრების ამ მაგალითს ვუზიარებთ მთელ მსოფლიოს, როდესაც კაცობრიობას კიდევ ერთხელ აქვს მიღებული გამოწვევა იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი ძალაუფლების გაძლიერება და განმტკიცება სურს“–თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიღებაზე უმასპინძლეს.
გიორგი მარგველაშვილმა პარიზში, 13 ნოემბერს, ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
პარიზში პარასკევს, ტერაქტების სერია განხორციელდა, რომელმაც 132 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო როკ–კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“ მძევლები აიყვანეს.