თბილისი, 16 ნოემბერი— Sputnik. ფინანსისტი ლია ელიავა 2016 წელს 3%–ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას და 4,5%–ზე მეტ ინფლაციას გარაუდობს.
„მე ვვარაუდობ, რომ მომავალ წელს ზრდა იქნება ბევრად მეტი ვიდრე 3 %, ასევე ინფლაცია იქნება ბევრად მეტი ვიდრე– 4,5%, შესაბამისად ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით იქნება შესრულებული“–აღნიშნა ლია ელიავამ
მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი თავიდანვე საკმაოდ პესიმისტური მაჩვენებლების საფუძველზე არის დაგეგმილი
„ალბათ იმიტომ, რომ მომავალი წლის ბოლოს ბევრად უფრო ოპტიმისტური შედეგები მივიღოთ“ –მიაჩნია ექსპერტს.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს 30 ნოემბრამდე წარედგინება, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის რეალური ზრდის 3%-იანი, ხოლო ინფლაციის 4.5%-იანი პროგნოზის პირობებში, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზებთან და რეგიონში შექმნილი რეალობისა და კონსერვატული მიდგომის გათვალისწინებით რეალისტურია.
„წარმოდგენილი პროექტი ჯერ კიდევ გადამუშავების სტადიაშია. მიმდინარეობს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა და პროექტის საბოლოო ვარიანტს საქართველოს პარლამენტში 30 ნოემბრამდე წარმოვადგენთ. ამ პერიოდის განმავლობაში გავაგრძელებთ კომუნიკაციას კომიტეტებთან, ფრაქციებთან, პარლამენტის ცალკეულ წევრებთან იმისათვის, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები“, — აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები; გავზარდოთ ეკონომიკა; ეკონომიკა იყოს სტაბილური; ინფლაცია იყოს პროგნოზირებულ პარამეტრებში და ამავე დროს, მნიშვნელოვანია შვეინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა", – განაცხადა ხადურმა.
მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ–ის 3%–ის ფარგლებში იქნება, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებს შეესაბამება, — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 225.0 მლნ ლარით, ხოლო საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 780.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 9 920.0 მლნ ლარს, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები — 9 110.0 მლნ ლარს, გრანტები — 130.0 მლნ ლარს, კრედიტები — 680.0 მლნ ლარს.