თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტების სერიამ საფიქრალი საქართველოსაც გაუჩინა, რადგან რადიკალური ისლამისგან დაცული არც ჩვენი ქვეყანა არ არის, განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.
„სომხეთი დაცულია რადიკალური ისლამისგან, რადგან ის მონოეთნიკური ქვეყანაა, მეტ ნაკლებად დაცულია აზერბაიჯანიც, ხოლო ჩვენ კი აბსოლუტურად დაუცველები ვართ, რადგან ჩვენთან რამდენიმე ასეული ათასი მუსულმანი ცხოვრობს. დავიჯერო რომ მათში არც ერთი რადიკალურად განწყობილი ადამიანი არ ურევია?“ – კითხულობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ახლადშექმნილმა უშიშროების სამასახურმა აქტიურად უნდა იმუშაოს.
რაც შეეხება ევროპას, ცინცაძის აზრით, მას რადიკალურ ისლამთან საბრძოლველად პოლიტიკური ნება არ ჰყოფნის,
„აქ საქმე იმაში კი არ არის, რომ ისლამიზმია ძლიერი ან მათთან ბრძოლაა რთული, პრობლემა არის ის რომ ევროპაა ძალიან სუსტი და მას არ ყოფნის პოლიტიკური ნება მასთან საბრძოლველად“–მიაჩნია პოლიტოლოგს.
მისივე თქმით, თუ ევროპამ გააგრძელა ის პოლიტიკა რომელსაც აქამდე ატარებდა, და ასევე სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილების მიღება,რომლებშიც შესაძლოა ტერორისტებიც ერიონ, მაშინ ეს ევროპისთვის ტრაგიკულად დამთავრდება.
„დღეს საკითხი ასე დგას: ან გამოიჩენს ევროპა თვითგადარჩენისათვის პოლიტიკურ ნებას ან მოხდება ის, რომ ერთი 15 წლის შემდეგ ნამდვილი თეთრკანიანი ევროპელი, იმავე საფრანგეთში ეროვნული უმცირესობა იქნება“– თვლის პოლიტოლოგი.
პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა, რომელმაც 132 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო როკ–კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“ მძევლები აიყვანეს.