თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ისლამი ეს სიყვარულის რელიგიაა და არაფერი აქვს საერთო ტერორიზმთან, განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტიმ იასინ ალიევმა.
პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიის გამო, ბოლო მონაცემებით 129 ადამიანი დაიღუპა. „ტერაქტები პარიზში შეიარაღებული აგრესიაა, რომლის მიღმაც „ისლამური სახელმწიფო“ დგას, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.
„ისლამი — ეს რელიგიაა, რომელიც სიყვარულსა და მშვიდობას ქადაგებს და არა ძალადობასა და ტერორს. კითხვაზე — რატომ არის ისლამი ასოცირებული ტერორიზმთან, პასუხი მარტივია — ნებისმიერ დაჯგუფებას ან ორგანიზაციას შეუძლია თავის თავს რაც უნდა ის დაარქვას და ისე გავიდეს საზოგადოების წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა — ისინი რელიგიას ამოეფარნენ. მე თქვენ გარწმუნებთ, ისლამს არაფერი აქვს საერთო ტერორიზმთან“, — განუცხადა ალიევმა ჟურნალისტებს პარასკევს, 16 ნოემბერს.
თავის მხრივ დასავლეთ საქართველოს მუფტიმ ბეგლარ კამაშიძემ აღნიშნა, რომ ისლამი გმობს ყოველგვარ ძალადობას.
„ისლამი არ არის მოძალადე, ისლამი და მუსულმანები არასოდეს არიან ტერორისტები. თუ ვინმე რელიგიის უკან იმალება და ისე სჩადის ამგვარ ქმედებებს, ეს ისლამ არ უნდა მივაწეროთ და არ უნდა შევქმნათ ისეთი ფონი, რომ სამწყსოს, საზოგადოებას სურვილი გაუჩნდეს გაშორდეს რელიგიას ან მუსულმანებს“, — თქვა კამაშიძემ.
13 ნოემბერს, საღამოს, პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს.