თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის საელჩო საქართველოში სამშაბათს, 17 ნოემბერს პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნს გახსნის, განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.
სამძიმრის წიგნი თავისუფლების მოედანზე მდებარე თბილისის საკრებულოს შენობაში გაიხსნება, სადაც ჩანაწერის დატოვება 9–დან 19.00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა, რომელმაც 132 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს.