თამაზ ჩიქვანაია
1979 წელს, იმ პერიოდისთვის მეტად სარისკო დავალება მივიღე– უნდა გამეკეთებინა გადაცემა ნარკომანებზე. საბჭოთა ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა ქვეყანაში ნარკომანიის არსებობას, ასეთ პირობებში, საკითხის მწვავედ დაყენებას, შესაძლოა, სერიოზული გართულება მოჰყოლოდა. საქტელერადიოს მაშინდელი ხელმძღვანელი, ნუგზარ ფოფხაძე ამ ნაბიჯის გადადგმას არ მოერიდა და მეც თამამად შევუდექი საქმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ იდეას მინისტრის პირველი მოადგილე სანდრო კავსაძე კურირებდა, ხოლო მასში აქტიურად იყო ჩართული ყოფილი ფეხბურთელი ვახტანგ ჭელიძე.
ერთ დღეს, ვახტანგმა დამირეკა გორში სამი ქურდი დააკავეს და თან ნარკოტიკებიც აღმოუჩინესო. გადამღებ ჯგუფთან ერთად მალე გორის მილიციაში აღმოვჩნდი. მანამდე გადაცემის რეჟისორ ომარ შეშელიძესთან და ცნობილ ტელედიქტორ თენგიზ ნათაძესთან ერთად ბევრი ვიფიქრეთ, როგორ აგვეცილებინა თავიდან ქურდული სამყაროს, რბილად რომ ვთქვა, უკმაყოფილება. ადგილობრივ და თბილისიდან წამოყოლილ მილიციელებს ვუთხარი, რომ დაკავებულებს მათ გარეშე უნდა გავსაუბრებოდი. გამიკვირდა, რომ იოლად დამყაბულდნენ. სამიდან ორი კანონიერი ქურდი გახლდათ, ერთი „მომავალი“. ჯერ ახალგაზრდა შემოიყვანეს –მეტსახელად „დუგლასი“. ვუთხარი რისთვისაც ვიყავი მისული, ასე მიპასუხა: ფეხებზე მკიდია რა გინდა და რას გააკეთებო, – ეს ჩემთვის თანხმობის ტოლფასი იყო. მეორედ, დღევანდელი ქურდული სამყაროს ერთ-ერთი „ბოსი“, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ყმაწვილი (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) თავიდანვე ძალიან აგრესიულად განეწყო, მიკროფონზე ხელი ამიკრა და ყოველგვარ ურთიერთობაზე კატეგორიული უარი მითხრა– სხვა გზა არ მქონდა და დავპირდი, გადაცემაში შენს კადრებს არ ვაჩვენებ-მეთქი. მესამე ამათზე ბევრად უფროსი, ასე 35 წლის „ნახალოვკელი“ ქურდი „ზანდი“ მშვენიერ ხასიათზე იყო, ბევრი ვისაუბრეთ და როდესაც გადაღების ნებართვა ვთხოვე, გაკვირვებულმა კითხვა შემიბრუნა: მართლა ტელევიზორში მაჩვენებო? აუცილებლად-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ ერთი თხოვნა შემისრულეო: მე შენ ტელეფონის ნომერს მოგცემ და როცა გადაცემა ეთერში გავა, ამ ნომერზე დარეკე და უთხარი, რომ მიყუროსო. პირობა მივეცი და ავუსრულე კიდეც. ადრესატი აღმოჩნდა ვინმე რუსიკო, რომელსაც მართლა გაეხარდა ჩემი ინფორმაცია და დიდი მადლობაც გადამიხადა.
გადაცემის სათაურად ლადო ასათიანის დიდებული ლექსის ფრაგმენტი გამოვიყენეთ: „სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ…“ გადაცემა თენგიზ ნათაძემ გაახმოვანა და ეთერში გასვლიდან ორ დღეში მე, ომარი და თენგიზი თბილისელმა ქურდებმა „კიროვის ბაღში“ დაგვიბარეს.
დათქმულ დროს მისულებს ათამდე კაცი დაგვხვდა, მათგან მხოლოდ ერთი, ასაკით ყველაზე უფროსი გველაპარაკა; შინაარსი დაახლოებით ასეთი გახლდათ: თქვენ თქვენი კანონებით გაბედეთ და ქურდები მასხრად აგვიგდეთ, ჩვენ ჩვენი „ზაკონებით“ ვცხოვრობთ და ასეთ რამეს არავის ვპატიობთო. მოკლედ დამემუქრა, დანარჩენებიც ავად იღიმებოდნენ და თან აქეთ-იქით იყურებოდნენ, არაფრით სჯეროდათ, რომ შეხვედრაზე მარტო მივედით.
მათი მუქარა არაფრად ჩავაგდე-მეთქი რომ ვთქვა, მართალი არ ვიქნები. თუმცა, იმ წუთში დიდადაც არ დავზაფრულვარ, მშვიდად მოვუყევი რა და როგორ იყო, თან ავუხსენი, რომ რაც ეთერში გავიდა მათი „მეგობრების“ თანხმობით მოხდა. თავიდან არ დამიჯერეს, მე „ზანდის“ დაწერილი ბარათი და ტელეფონის ნომერი მოვიშველიე. ერთ-ერთმა დახედა და თავი დააქნია. მაშინ ასაკიანმა ასეთი რამ გვითხრა: ჩვენ „არასპრავედლივად“ არავის ვერჩით, თუ თქვენი ნათქვამი არ დადასტურდა, კიდევ შევხვდებით, თუ დადასტურდა, ღმერთმა თქვენს გზაზე გაგიმარჯოთო. ასე დავცილდით ერთმანეთს და ამ „პატიოსან“ ხალხს მეტად აღარც შევუწუხებივართ. როგორც მერე საკუთარი „კანალებით“ დავადგინეთ, ჩვენს სასარგებლოდ უთამაშია იმ ფაქტორს, რომ მე, თენგიზ ნათაძე და ომარ შეშელიძე მარტონი მივედით.
ახლა, ამ ამბიდან მრავალი წლის მერე, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ქურდულ გარჩევაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. იქნებ, დიდი ვერაფერი პლუსია, მაგრამ ეს ეპიზოდიც ისეთივე ნაწილია ცხოვრებისა, როგორც სხვა ბევრი სასიამოვნო და სახალისო ამბავი.
ამ მონათხრობის მთავარი ადრესატი დღევანდელ ჟურნალისტთა ამქარია: მთავარია, თქვენი საქმე „სპრავედლივად“ და პროფესიონალურად აკეთოთ და ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ, ვერავინ ვერაფერზე შემოგედავებათ…