თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსეს ლონდონში 37 სახელმწიფოს მთავრობებმა. ორგანიზაცია 1925 წელს შექმნილი ინტელექტუალური თანამშრომლობის საერთაშორისო ინსტიტუტის ფორმალური მემკვიდრეა.
გაეროს სპეციალიზებული სტრუქტურის შექმნის მიზანია „მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხალხებს შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად“.
იუნესკოს შტაბბინა პარიზში მდებარეობს. ამ დროსათვის ორგანიზაციის შემადგენლობაში შედიან 191 წევრი და 6 თანამშრომელი ქვეყანა.
იუნესკოს საქმიანობა ხუთ პროგრამულ სექტორადაა დაყოფილი: განათლება, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, კულტურა, კომუნიკაცია და ინფორმაცია.
იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისთ.
