თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, — ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
"პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე", — აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.
პარასკევს ღამე, ტერაქტების სერია მოხდა პარიზში. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა.
გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების სერიას 127 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა.