"ვგრძნობ, რომ საქართველოსთვის ჯერ კიდევ საჭირო ვარ“

© ოჯახის ფოტოარქივიმსახიობი ლეო ანთაძე
მსახიობი ლეო ანთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეო ანთაძეს 83 წელი შეუსრულდა

 რუსუდან პირველი

 ყველასთვის საყვარელ მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს ლეო ანთაძეს  83 წელი შეუსრულდა. ამჯერად მის როლებზე არ ვისაუბრებთ, ამაზე მრავლად დაწერილა და თავადაც უსაუბრია. უბრალოდ გავიგოთ რა არის მისი მამოძრავებელი ძალა და რის გამო მსახიობს ასე უყვარს სიცოცხლე.

 —ბატონო ლეო, გილოცავთ დაბადების დღეს! როგორი განწყობა გაქვთ დღეს?

-დიდი მადლობა, განწყობა კარგი მაქვს, ფიზიკურად თავს ცუდად არ ვგრძნობ,  სპექტაკლებს ვატარებ, პერიფერიებში დავდივარ, ვაჟა —ფშაველას,,ბახტრიონი“, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა,- თავიდან ბოლომდე მაქვს გაკეთებული, რეპერტუარში, ასე ვთქვათ, იუმორისტული მოგონებები და ქართველი იუმორისტების ნაწარმოებები მაქვს, რომელსაც კი არ ვკითხულობ, არამედ   სპექტაკლის სახით ვთამაშობ ხოლმე, მოწაფეებთან დიდ დროს ვატარებ, ვგრძნობ, რომ საქართველოსთვის ჯერ კიდევ საჭირო ვარ. ყველაფერი ეს მაცოცხლებს, სტიმულს და ენერგიას მაძლევს და კიდევ ერთხელ მარწმუნებს ილიას სიტყვების ჭეშმარიტებაში:,,მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“..მართლაც რომ ვმოძრაობ, ვშრომობ და ვწვალობ, უფრო სწორად კი არ ვწვალობ,- სიამოვნებას ვიღებ მეც, ამით ვცოცხლობ, ენერგიას ვინახავ, გონებაც ვარჯიშობს, ფიზიკურად ვარჯიშიც გამოდის და  ეს მაცოცხლებს. 83 წლის გავხდი უკვე.

-ბატონო ლეო, ამ წლების მანძილზე  ცხოვრებაში ყველაზე  მეტად რა დაგამახსოვრდათ? 

- როდესაც სცენაზე სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ, თამაშობ და მაყურებელი ტაშს გიკრავს,  ამას დიდი სიამოვნების მოტანა შეუძლია და ჩემს შემოქმედებაში ბევრი სიხარული მაქვს ნანახი. მიხარია, რომ ეს პროფესია ავირჩიე და მან დიდი ბედნიერება მომიტანა. ამას გარდა 4 შვილი მყავს, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ეს დიდი სიხარული და სიმდიდრეა. თავისუფალ დროს შვილებთან და შვილიშვილებთან ვატარებ, ხან ერთთან ვარ, ხან მეორესთან… ცხოვრება ღირს და ამიტომ მინდა ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლო. თან  რაშია იცით კიდევ საქმე?— ისეთი დიდი მსახიობები არიან წასულები,  სერგო ზაქარიაძე, უშანგი ჩხეიძე, ხორავა, ვასაძე, გოძიაშვილი, ჟორა შავგულიძე, კვანტალიანი… იმ ქვეყნად ისეთი  მაგარი თეატრი აქვთ  ჩამოყალიბებლი, რომ  იქ მე როლს არავინ  მომცემს და აქ ვიცოცხლო და ვითამაშო მთავარი როლები,- ის მირჩევნია. ისევ აქ  ყოფნა ჯობია,-ვიდრე იქ დროშა რომ დამაჭერინონ და მაყვირონ: ვაშაო, ამიტომ ჯერ წასვლას არ ვაპირებ…

 —ცხოვრებაში ბევრი სიხარული და სიყვარული მიიღეთ, მაგრამ ალბათ რაღაცაზე მაინც  გწყდებათ  გული…

-რაზე მწყდება გული იცით?— 4 შვილი რომ მყავს- ცოტად მეჩვენება, კიდევ ბევრი მინდა მყავდეს, მაგრამ ახლა მაგაზე ფიქრი გვიანია. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველა ქართველს ვუსურვებ ბევრი შვილები გააჩინოს, —ერისთვის ძალიან აუცილებელი და საჭიროა. 

-ბატონო ლეო,  როგორ ფიქრობთ,  რა არის მთავარი, რისთვის ღირს ცხოვრება?

- მთავარია, ადამიანმა სიკეთე თესოს, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოუტანოს სხვას, —ეს არის დიდი სიხარული ადამიანისთვის. უნდა გსიამოვნებდეს როდესაც სხვას სიკეთეს უკეთებ. სიკეთე არის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა ადამიანისთვის, სიკვდილის პირას რომ მიხვალ კაცი და  იმით იამაყებ, რომ ცხოვრებაში სიკეთე გიკეთებია, —ამ ქვეყნიდან ბედნიერი  წახვალ…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0