მერაბ ხაჩიძე
საქართველოში დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობამ სამას ოცდაათს მიაღწია. ამ,,პოლიტორგანიზაციებს“ რომ შეეკითხო, იმდენი წევრი ჰყავთ, რომ დაჯამების შემთხვევაში ბევრად გადააჭარბებს არა თუ ამომრჩევლის, საერთოდ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას. ამის გასარკვევად სულ პატარა, მაგრამ რისკიანი ექსპერიმენტია საჭირო. რატომ რისკიანი?! არავის ვურჩევ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან იმის გარკვევა დაიწყოს: შენი მომხრეებით ერთ საშუალო სტადიონს თუ გაავსებო, რადგან ამ კითხვის დამსმელი შეიძლება მძიმედ დაზარალდეს. არადა, ასეთი „სტატისტიკით“ ქართველები ათ მილიონს უკვე ბევრად ვაჭარბებთ!..
„ნაციონალებიდან“ „გასულ“ „გირჩებს“ ახლა უკვე პაატა ბურჭულაძეც დაემატა, თავისი მესიანური ამბიციებით. ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა: ბურჭულაძის პარტიული სლოგანი ალბათ „სიმღერა ლაპარაკის ნაცვლად“ იქნებაო.
არ უნდა გაიხადო საქმე ასე სახუმაროდ და სამასხარაოდ მაშინ, როცა არც დაფასება და არც ხალხისგან პატივისცემა გაკლია. ადრე ვთქვი და რომ დამჭირდეს ათასჯერ გავიმეორებ: ვისაც ფეხბურთის თამაში, შტანგის აწევა, სცენაზე სიმღერა და ოჯახში შვილიშვილებთან გართობა–თამაში მობეზრდ, ყველამ პარტიას, პოლიტიკას და მერე პარლამენტს მიაშურა. რას ერჩიან ეს ადამიანები საკუთარი შრომითა და გარჯით მოპოვებულ ავტორიტეტსა და სახელს, პირადად ჩემთვის, ყოველთვის გამოცანად დარჩება.
დიდმა ლოტბარმა და ხელოვანმა, ანზორ კავსაძემ თქვა ერთხელ: სწორად აღებული ნოტიდან – სიმღერამდე კაი დიდი გზაა გასავლელიო. ჰოდა, რატომ ჰგონია ბევრს, რომ სასცენო მოძრაობა, ბურთის კენწვლა, სიმღერა და ცეკვა ადრიდანვე უნდა ისწავლო (არადა, ნამდვილად ასეა), პოლიტიკას კი — შეგიძლია სიბერეშიც მიაკითხო?! სახელს რომ არ უფრთხილდებიან ის მიკვირს, თორემ აქ პასუხი მარტივია: ქართული საქმე, პოლიტიკა და ქართული სახელმწიფო მხოლოდ იმდენად არის საინტერესო, რამდენიც საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას სჭირდება.
ირმა ინაშვილის შიმშილობის ერთი დიდი მიზეზი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაა. დანარჩენი საქართველო ამ მოთხოვნით არ შიმშილობს, თორემ აზრი, დამოკიდებულება და მოთხოვნა ყველას ერთნაირი გვაქვს: ასე განსაჯეთ, ეს კანონი თურმე თვით ნუგზარ წიკლაურსაც არ მოსწონს. თუმცა, ერთი დიდი განსხვავება „ჩვენსა“ და „მათ“ შორის აქაც არის, თანაც საკმაოდ სერიოზული.
ლოგიკური და გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიები აქამდე დაკანონებული მუხლების ისეთ შეცვლას ითხოვენ, ხელისუფლებაში მოსვლას რომ გაუიოლებთ, თორემ მარტო ამომრჩევლის იმედად „მტერი იყოს“. ვიღაცას მაჟორიტარული სისტემის გაუქმება სურს, მავანი გადასალახი ბარიერის აწევა–დაწევაზე აცხადებს პრეტენზიას და ასე შემდეგ. დღემდე ვინმესგან გაგვიგია (პოლიტიკოსებს ვგულისხმობ) ხმამაღლა გაცხადებული უმთავრესი სათქმელი: რატომ არ გვინდა და ვის ინტერესებს ეწინააღმდეგება მხოლოდ პოლიტოლოგებით, იურუსტებით, ეკონომისტებითა და ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო?!
როდემდე ვუყუროთ და ვარკვიოთ, რატომ უჭირს ქართულ პოლიტიკას მაშინ, როცა პარლამენტში ამდენი „პოლიტიკაში გამოცდილი“ მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ჟურნალისტი გვყავს?! ამიტომაც, ჩვენთვის ასე ნაცნობ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პრობლემა არც ისე იოლი მოსაგვარებელია. მით უფრო, ამდენი „თავისუფალი“ და „მრავალფეროვანი“ არჩევანის პირობებში.
ჩვენში პოლიტიკა და „მედია“ არ არსებობს, თორემ არჩევანისა და სიტყვის თავისუფლება, იცოცხლე, სიგიჟის ზღვარზეა მისული!..