ლალი ნოზაძე
საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრია. ამ კავშირის წევრობა მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი საშუალებას იძლევა, ქვეყნის საფოსტო ქსელი მსოფლიო საფოსტო კავშირის ქსელებში იყოს ინტეგრირებული. ისტორიულად კი — ქართული საფოსტო ბიზნესი მე-19-ე საუკუნის დასაწყისიდან ვითარდება. 90-იანი წლების პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ საფოსტო ბიზნესი ქვეყანაში თითქმის აღარ არსებობდა, რაც 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაბალი ანაზღაურება, არამოტივირებული თანამშრომლები და უიმედო მომავალი მივიღეთ.
ამ დროს კონკურენტმა კერძო კომპანიებმა, რომლებსაც მოქნილი ტარიფები და ხელსაყრელი ბიზნეს —გარემო ჰქონდათ, აგრესიული პოლიტიკა აწარმოეს და ჩამოაყალიბეს გზავნილის ექსპრეს- ჩაბარების საკუთარი ლოგისტიკური სქემა, რათა მომხმარებელი მოეზიდათ. აღნიშნული რამ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ადგილობრივი EMS გზავნილისთვის და ამასთან,,,საქართველოს ფოსტისათვის“ ერთადერთი მოგებაზე ორიენტირებული მომსახურებაა. თუმცა აღნიშნული კომპანიები მომსახურებას ყოველგვარი რეგულირებისა და მონიტორინგის გარეშე აწარმოებენ. ოპერირებენ მხოლოდ დიდ ქალაქებში, სადაც შეუძლიათ მიიღონ მაქსიმალური მოგება მინიმალური დანახარჯით.
უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც ორიენტირებულია დაიცვას და უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება, „საქართველოს ფოსტამ“ მიზნად დაისახა გამხდარიყო ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილებში — ანუ საქართველოს სახე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, კომპანიამ რებრენდინგის გეგმაზე და კომპანიის ახალ კონცეფციაზე დაიწყო მუშაობა, რათა მომხმარებლის ნდობა მოეპოვებინა. 2013 წელს PostEurop-მა კომპანიაში გამოაგზავნა ექსპერტები, რომლებმაც საოპერაციო პროცესისა და მომსახურების გაუმჯობესების რეკომენდაციები გასცეს. ამ ყველაფერმა სამომავლო სტრატეგიის შემუშავება და მიღებული გადაწყვეტილებების, პროდუქტებისა და სერვისის სრულყოფა განაპირობა, რაც აუცილებელი გახლდათ მომხმარებლის სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის.
დღეისათვის კომპანიას აქვს გზავნილების დამუშავების ტერმინალი TBS საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავებთან პირდაპირი წვდომით, ძირითადი დახარისხების ცენტრი დედაქალაქის ცენტრში და მეორადი დახარისხების 7 ცენტრი რეგიონებში. ქვეყნის მასშტაბით 123 შემკრები საფოსტო ყუთი დამონტაჟდა, ტრენინგი გაიარა თითქმის ყველა თანამშრომელმა, სამუშაოს 80%-ს სკუტერის მეშვეობით 400 კურიერი ასრულებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას სრულად ფარავენ. მთელი პროცესი ელექტრონულია, ხოლო თანამშრომლები შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობებით არიან აღჭურვილნი. კომპანია გზავნილის ჩაბარების IPS სისტემას წარმატებით იყენებს და საფოსტო ფულადი გადარიცხვების IFS პროექტზე მუშაობს. ინოვაციების დანერგვის მიზნით, მუშა ჯგუფები მომხმარებლებს ახალ საფოსტო პროდუქტებს სთავაზობენ. „ავია“ არის ახალი ექსპრეს-გზავნილი, რომელიც საქართველოდან 200-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება. ასევე იქმნება ახალი ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც კომპანიის ელ. კომერციაში ჩართვას გულისხმობს, დასაწყისისათვის მხოლოდ ამერიკის ელ. მაღაზიებიდან გამოწერა იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ აღნიშნული პროდუქტის შესაძლებლობების ფარგლების გაფართოება და ევროპის ტერიტორიის დაფარვაც იგეგმება. „საქართველოს ფოსტას“ დედაქალაქში ელ. კომერციის ბაზარზე შესვლა ძლიერი კონკურენციის გამო გაუჭირდება, მაგრამ კომპანიის პროდუქტი გულისხმობს რეგიონების მასშტაბით ელექტრონული კომერციის განვითარებას.
ამა წლის 13-15 ოქტომბერს, კვიპროსის ფოსტის მხარდაჭერით, ქალაქ ლიმასოლში, გაიმართა ევროპის საფოსტო ოპერატორების ასოციაცია „PostEurop“-ის პლენარული სხდომები, რომელშიც საქართველოს ფოსტის დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა. საქართველო,,PostEurop“-ის წევრი 2012 წლიდანაა. საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ „სააქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ სხდომაზე,,საქართველოს ფოსტის“ პრეზენტაცია წარმოადგინა და ევროპის 52 ქვეყანას,,საქართველოს ფოსტაში“ განხორციელებულ, ჩვენს მიერ ზემოხსენებულ რეფორმებთან და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„თქვენ იცით, რომ PostEurop-ის წევრები ევროპის მასშტაბით 2 მილიონამდე დასაქმებულს აერთიანებს და ისინი დღის განმავლობაში 800 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან. საქართველოს ფოტის თანამშრომელთა და ქართველი მომხმარებლის სახელით ვაცხადებ — ამაყი ვარ, ამ შთამბეჭდავი ციფრების გარკვეული წილი ჩვენს ქვეყანაზეც რომ მოდის“. —აღნიშნა თავის გამოსვლაში ლევან ჩიკვაიძემ.
აღსანიშნავია, რომ 14 ოქტომბრის პლენარულ ასამბლეაზე, საქართველო 2018 წლის „PostEurop“-ის პლენარული ასამბლეის გასამართ კანდიდატ ქვეყნად მიიღეს.