თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ისლანდიის დედაქალაქში 13-22 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატი იმართება ჭადრაკში გუნდურ შეჯიბრში.
საპრიზო ადგილისათვის მსოფლიოს 30 ქალთა და 35 ვაჟთა გუნდი იბრძოლებს. მათ შორის საქართველოს ნაკრებიც.
ქართველ ქალთა ნაკრები, რომელმაც წელს ჩინეთში, ჩენდუში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, კონტინენტური პირველობის ფავორიტია. გუნდის შემადგენლობაში შევიდნენ:
ნანა ძაგნიძე
ბელა ხოტენაშვილი
ნინო ბაციაშვილი
ლელა ჯავახიშვილი
მერი არაბიძე
თავისი ისტორიის მანძილზე საქართველოს მოჭარდაკე ქალთა ნაკრებმა, მხოლოდ ერთხელ შეძლო ევროპის ჩემპიონატის ოქროს მოპოვება. 1997 წელს ხორვატიის პულში, ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ მაია ჩებურდანიძე, ნანა იოსელიანი და ქეთევან არახამია. გუნდმა სამჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი — 1992, 2005 და 2009 წელს, ერთხელ კი 2011 წელს ბრინჯაოს მედალი.
ქართველ მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრები ნაკლებ ტიტულოვანია. 2003 წელს მათ თავის ისტორიაში ერთადერთხელ შეძლეს პოდიუმზე ასვლა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში. ამჟამად მოჭადრაკე ვაჟთა გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:
ბაადურ ჯობავა
ლევან ფანცულაია
მიხეილ მჭედლიშვილი
მერაბ გაგუნაშვილი
ლუკა პაიჭაძე
ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან — უკრაინის ნაკრები ქალთა შორის და აზერბაიჯანის ნაკრები ვაჟთა შორის.