ნინო ცხოიძე
რუბრიკა, რომელსაც დიდი ხანია ვუძღვები, არის გამოძახილი ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული ცნობილი ქართველი ემიგრანტის, კოკი დადიანის ლექსისა:
„მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა, ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა,
სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე, ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!“
სულ ახლახან, საქართველოში მორიგი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მამია ბერიშილის ვაჟი, ტიერი ბერიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს ფრანგულ-ქართული კულტურის ასოციაციას „საქართველოს გაუმარჯოს“! ბატონი ტიერი საფრანგეთში დაიბადა. დღემდე, იგი თითქმის ორმოცჯერ ესტუმრა ისტორიულ სამშობლოს. მაისში, დიასპორის დღეების ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციიაზე, მან თბილისის სახელმწიფო უნიერისტეტის რექტორი, ლადო პაპავა გაიცნო და თანამშრომლობას დაჰპირდა. მალევე, უნივერსიტეტს მამის პირადი არქივი და ბიბლიოთეკა გადასცა.
ეს ფაქტი გახდა წინაპირობა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რექტორის ინიციატივით, გახსნილიყო ახალი განყოფილება — „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა“, რომელსაც ზურაბ გაიპარაშვილი ხელმძღვანელობს. ცენტრის მიზანია საქართველოს ისტორიის 1918-1921 წლების მონაკვეთის კვლევა და ანალიზი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება, იმ პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო-საარქივო დოკუმენტების მოძიება, შენახვა, შესწავლა-დამუშავება, გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება.
ემიგრანტების ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტური არქივის ქართულ განძეულობასთან ერთად დაბრუნება შეუძლებელი იყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იგი საფრანგეთის ეროვნულ არქივს გადასცეს. შეიქმნა არქივის შემნახველი სამთავრობო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი, ევგენი გეგეჭკორი და სხვები. კომისიას შრომის ყოფილი მინისტრი გიორგი ერაძე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სოციალ-დემოკრატი მამია ბერიშვილი ხელმძღვანელობდა.
მამია ბერიშვილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლევილში დასახლდა და ლევილის ქართული კერის ასოციაციის თავმჯდომარე გახდა. იგი 1959 წლიდან 2003 წლამდე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს უცვლელი მდივანი იყო. მასვე ებარა ლევილში დაცული ქართული ემიგრანტული პრესისა და ლიტერატურის მეტად მდიდარი კოლექცია.1996–1997 წლებში მამია ბერიშვილისა და პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლების კარლო ინასარიძის, გივი ზალდასტანიშვილის, გიორგი შარაშიძისა და გივი გაბლიანის დახმარებით, პარიზიდან და ჰარვარდიდან, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივი.
19 წლის შემდეგ კი, ტიერი ბერიშვილის ინიციატივით, თსუ-ში განთავსდა როგორც მისი მშობლების პირადი არქივი, ფოტოები და წერილები, ასევე, მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის შთამომავლების მიერ გამოტანებული წიგნები. აღნიშნული ცენტრის გახნას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, თავად ბატონი ტიერი მეუღლესთან, მაია ელიავასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
ბატონმა ტიერიმ თითქმის ერთი თვე დაჰყო საქართველოში. საინტერესო შეხვედრებთან ერთად, მან უამრავი საჯარო ლექცია გამართა პირველი რესპუბლიკის მოღვაწეობის და ემიგრანტული ცხოვრების, ასევე, ლევილის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ. ისტორიკოსებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მისი მოხსენებებისადმი.
4 ნოემბერს, გამგზავრების წინა დღეს, სწორედ უნივერსიტეტში მომეცა მასთან გასაუბრების საშუალება. იგი აღფრთოვანებული იყო, რომ ახლადგახსნილ ცენტრში, მის მიერ ჩამოტანილი არქივისა და მისი მშობლების ფოტოს შესაფერისი ადგილი მიუჩინეს. იგი ასევე კმაყოფილია, რომ ჯერ კიდევ მაისში, დიასპორული ფორუმის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაღს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭა და შესასვლელში მეორიალური დაფაც გაკეთდა. სწორედ მაშინ, ბატონმა ტიერიმ, მამის არქივის გასაცნობად, გასკონიაში მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები. აგვისტოში ეს ვიზიტი შედგა და საქართველოში დიდძალი საარქივო მასალაც ჩამოიტანეს.
ტიერი ბერიშვილი: „მეორე წინადადება, რაც ბატონ ლადოს შევთავაზე, იყო ჩემი გამოცდილების გაზიარება. ვუთხარი, რომ განსაკუთრებით ვარ დაინტერესებული 24 წლის აგვისტოს აჯანყების შესწავლით. ეს, ფაქტიურად, შავი ლაქაა საქართველოს ისტორიაში. ამას გარდა, შევისწავლე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწეობა 1880-1953 წლებში. ნაშრომი 300 გვერდს მოიცავს. თუ თანხმობა იქნება, ამ საკითხებებზე აქაურ პროფესორებთან ერთად ვიმუშავებ. ასევე, ჩემი მიზანია, ლევილის შესახებ წიგნის გამოცემა. თანამშრომლობის ორი მემორანდუმი უკვე გავაფორმეთ და, შეიძლება ითქვას, რომ საქმეს შევუდექით“.
ბატონი ტიერი იმედოვნებს, რომ სხვა ოჯახებიც მიბაძავენ მას და მალე უნივერსიტეტში კიდევ უფრო მეტი საოჯახო არქივი მოიყრის თავს. აი, მაშინ, ქართველ მკვლევარებს დიდი სამუშაო ელოდებათ.
ბუნებრივია, ჩვენი საუბარი ლევილის მამულის თემასაც შეეხო. ბატონმა ტიერიმ კამყოფილება გამოთქვა, რომ ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. „საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 110 000 ევრო ნამდვილად წინ წაგვწევს, როგორც ლევილის შესწავლის, ისე იურიდიული და არქიტექტორული საკითხების მოსაგვარებლად. მოგეხსენებათ, რა სავალალო მდგომარეობაშია ლევილის „შატო“. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ, სხვადასხვა ღონისძიებაში, პირველი რესპუბლიკის აღიარების გამოხატვა ძალიან გვეხმარება ლევილის მემკვიდრე სხვა ოჯახებთან ურთიერთობაში. ვფიქრობ, 1998 წელს დაწყებული პროცესი მალე დასრულდება და ლევილის მამული საქართველოს ხელისუფლებას გადაეცემა“,- განაცხადა მან.
ლევილის მამულში, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, სხვადასხვა დღესასწაულზე ახლაც იკრიბებიან ემიგრანტთა ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები. მწვანეში ჩფლულ უზარმაზარ ეზოში იშლება სუფრა, მღერიან უძველელს ქართულ სიმღერებს, გალობენ და იხსენებ იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციაში დაფუძნების შემდეგ, აქ ცხოვრობდა და აქვე ახლოს, ლევილის სასაფლაოზე განისვენებენ. ემიგრანტთა ნაწილი საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქალაქებში გაიბნენ. ყველა მათგანს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, სამშობლოს სიყვარული და ნოსტალგიური განწყობა ჰქონდათ საერთო. ჩვენც ამიტომ ვაერთიანებთ მათზე თხრობას რუბრიკაში: „ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!“