ტალინის კინოფესტივალს 1929 წელს გადაღებული ქართული ფილმი გახსნის

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშიტალინი
ტალინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტალინში ფილმის „ჩემი ბებია“ წარდგენისთვის სპეციალურად ჩავა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ცნობილი დირიჟორისა და კომპოზიტორის, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ესტონურ კინოფესტივალს „ბნელი ღამეები“ (PÖFF) ქართველი რეჟისორის, კოტე მიქაბერიძის მიერ 1929 წელს გადაღებული შავ-თეთრი მუნჯი ფილმი „ჩემი ბებია“ გახსნის. ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება.

ფესტივალი „ბნელი ღამეები“ ტალინში 13-29 ნოემბერს ჩატარდება. ფესტივალის ქართულ პროგრამაში 1929-2015 წლებში გადაღებულ 13 სურათს აჩვენებენ.

ტალინში ფილმის „ჩემი ბებია“ წარდგენისთვის სპეციალურად ჩავა საქართველოს ეროვნული სომფონიური ორკესტრი ცნობილი დირიჟორისა და კომპოზიტორის, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

რეჟისორ მიქაბერიძის ფილმის გარდა, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თენგიზ აბულაძის „მონანიება“ და „ნატვრის ხე“, გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები“, გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“, ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“, თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“.

ამ ფილმების გარდა ასევე ნაჩვენები იქნება ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმი „ზამთრის სიმღერა“, რომლის პრემიერაც 2015 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმართა.

კინოფესტივალზე შედგება ვანო ბურდულის ფილმის „გაყინული შადრევნების წელიწადის“ მსოფლიო პრემიერაც, რომელიც წელს ტალინის ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

ქართული კინოს რეტროსპექტივის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ქართველი სტუდენტ-კინემატოგრაფისტების შემოქმედება, ასევე 1918-2011 წლებში შექმნილი ქართული ანიმაცია.

ფესტივალს დაესწრება ქართული დელეგაცია: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი — ნანა ჯანელიძე, რეჟისორები — ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი (ჟიურის წევრის რანგში), ვანო ბურდული, თინათინ ყაჯრიშვილი, პროდიუსერი  ლაშა ხალვაში და სხვები.

„ბნელი ღამეები“ (PÖFF) ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფესტივალია. ის მსოფლიოს თხუთმეტ წამყვან ფესტივალს შორისაა. PÖFF ყოველწლიურად თავის მაყურებელს საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანი კინოპროგრამით ანებრივებს. გარდა ამისა, კინოდარბაზების მიღმა სხვადასხვა საფესტივალო ღონისძიებებიც იმართება. 

 „ბნელი ღამეები“ საერთაშორისო კინოინდუსტრიის მოვლენების ერთ-ერთი ცენტრია, რომელიც ტალინში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინომოღვაწეებს უყრის თავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0