თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა ევროპის ქვეყნები ლტოლვილებისთვის კარების დაკეტვაში დაადანაშაულა, — წერს სააგენტო Sputnik.აზერბაიჯანი.
ევროკავშირის საზღვრისპირა სააგენტო „ფრონტექსის“ უკანასკნელი მონაცემებით, 2015 წლის პირველ ათ თვეში ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 1.2 მლნ მიგრანტი ჩავიდა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი უმსხვილესია მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ყველა მიგრაციულ კრიზისს შორის.
„თურქეთზე მეტი მთლიანი შიდაპროდუქტის მქონე ქვეყნებმა კარები დაუკეტეს ლტოლვილებს. მათ თქვეს: „დაე, დაიხრჩვნენ ისინი ეგეოსისა თუ ხმელთაშუა ზღვებში“. და რა მოხდებოდა, ეს 2.2 მილიონი ლტოლვილი ევროპისკენ რომ დაძრულიყო?“, — თქვა ერდოღანმა ტელეარხ CNN–თან ინტერვიუში.
მისი თქმით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ანტალიის 15–16 ნოემბრის სამიტის თემა იქნება.
როგორც იგეგმება, მიგრაციასთან დაკავშირებულ მომავალ სამიტზე ნოემბერ–დეკემბერში ევროკავშირი თურქეთთან მოქმედებათა ერთიან გეგმას შეათანხმებს, რომელიც ევროკავშირისგან 3 მლრდ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გააქტიურებასა და ვიზების გაუქმების დაჩქარებას გულისხმობს.
თავის მხრივ, თურქეთი ვალდებული იქნება:
• დაიცვას საერთო საზღვარი
• გააუმჯობესოს ლტოლვილთა ქვეყანაში ცხოვრების პირობები
• აღკვეთოს საკუთარი ტერიტორიიდან ლტოლვილთა ნაკადის შედინება ევროკავშირში
• უკან დააბრუნოს ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან მოხვედრილი არალეგალები.