პარტია "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელი კახა კუკავა იმედოვნებს, რომ ერთიანი კონფედერაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან კომპრომისის მოძებნაში დაეხმარება. ამის შესახებ მან "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ერთიანი კონფედერაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან კომპრომისის მოძებნაში დაეხმარება. რა გვიშლის ხელს ამ კომპრომისის მიღწევაში დღეს? ქართული მხარის უნდობლობა. ქართველებს არ სჯერათ, რომ რუსეთს თეორიულად შეუძლია უარი თქვას ამ ტერიტორიებზე. რუსული მხარე კი არასწორად აფასებს საქართველოში ამჟამად არსებულ სიტუაციას", — განაცხადა კუკავამ.
პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოს "რუსეთთან მიმართებით ერთი სტრატეგიული ინტერესი აქვს" —აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება.
"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად მხოლოდ რუსეთმა აღიარა. დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი რუსეთის სტრატეგიული ან გეოპოლიტიკური ინტერესი არასდროს ყოფილა. მოსკოვისთვის საბოლოო მიზანი მთლიანად კავკასიაზე ზეგავლენაა და არა მის ცალკეულ, კონკრეტულ ტერიტორიებზე", — მიაჩნია კუკავას.
მისივე თქმით, ეს ორი ოლქი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ზეწოლის ინსტრუმენტები იყო. "მაგრამ ამჟამად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის მოწინააღმდეგეთათავის გახდა ინსტრუმენტი, და სწორედ ამ მიზეზით შეუერთდა საქართველო რუსეთის მოწინააღმდეგეებს", — აღნიშნა კუკავამ.