თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობას შეუძლია ევროკავშირის პოლიტიკის სოლიდარობის მიზნით, მიიღოს ლტოლვილები სირიიდან, ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა (Andrejs Mamikins) აზერბაიჯანულ სააგენტო "Trend"-თან საუბარში განაცხადა.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 ათასი მიგრანტი ჩავიდა და ყოველდღიურად მათი რიგები ათასობით ახალჩასულით ივსება. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი საემიგრაციო კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდია.
„დიდი ასოცირებული საბჭოს წინ ასოცირებული ქვეყნები გამოთქვამენ მოსაზრებებს, მათ შორის ლტოლვილთა კრიზისის შესახებ. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ლტოლვილთა მიღების სურვილი გამოთქვას. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს, ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის დემონსტრირების მიზნით, შეუძლია რამდენიმე ადამიანის მიღება მაინც", — განაცხადა მამიკინსმა.
დეპუტატის თქმით, ეს იქნება უფრო პოლიტიკური ჟესტი, ვიდრე საქართველოს ფაქტიური წვლილი ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას ასოცირების შესახებ. დოკუმენტმა გაიარა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რატიფიკაციის პროცესი. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება იმავე წლის 18 ივლისს მოახდინა, ევროპარლამენტმა კი — 18 დეკემბერს.
ამ დროისათვის ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან, დოკუმენტი რატიფიცირებულია 25 ქვეყნის მიერ. დარჩენილია ბელგია, საბერძნეთი და იტალია.