ვახტანგ კობაიძე
ამ უბანში, ბევრ ცნობილ პიროვნებას უცხოვრია. აქ დაბადებულან, გაზრდილან, ზოგი სხვაგანაც გადასულა საცხოვრებლად, მაგრამ ვერელობისთვის არასდროს უღალატიათ. მათ შორის გამორჩეული იყო დოდო აბაშიძე — ბუნებით და ქცევით რაინდი, ღირსების კაცი, უებრო მსახიობი და მამულიშვილი. სამწუხაროდ, არც გადასაღებ მოედანზე და არც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისას, ჩვენი გზები არ გადაკვეთილა. სიახლოვე და მეგობრობა მასთან არ მქონია, თუმცა, ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრიც რამ ვიცოდი ამ ლეგენდად ქცეულ კაცზე.
25 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან — მაშინ 65 წლის იყო. 25 ფილმში მოასწრო გადაღება. 14 მთავარი როლი ითამაშა. „სურამის ციხის“ რეჟისორი იყო სახელგანთქმულ სერგო ფარაჯანოვთან ერთად. ეს ეკრანზე. ცხოვრებაში: უღალატო მეგობარი, ენამჭევრი თამადა, არც ვაჟკაცურ ჩხუბზე ამბობდა უარს. ფიზიკურად ძლიერს, თავისზე სუსტი არასდროს დაუჩაგრავს. პირიქით, დაჩაგრულების ქომაგი და მომფერებელი იყო. მასზე დღემდე ჰყვებიან მითებს. გარეგნობითაც ზღაპრულ გმირს ჰგავდა – გოლიათს, ოღონდ კეთილს. ეკრანზეც და ცხოვრებაშიც სიკეთის მთესველი კაცი იყო. მისი გახსენება ამ ფოტოსურათმა მიკარნახა. მასზე ბავშვობის ორი მეგობარი, ორი დიდებული მსახიობი, ქალაქში რაინდებად აღიარებული ორი ვერელი — დოდო აბაშიძე და გოგი გელოვანია აღბეჭდილი.
დოდო აბაშიძემ თეატრის სცენაზე სულ შვიდი როლი ითამაშა. 1954 წელს, სიკო დოლიძემ, „ჭრიჭინაში“ მიიწვია გადაღებაზე. ეგ იყო და ეგ. მწვერვალისკენ მიმავალმა, სამუდამოდ შეაქცია ზურგი თეატრს. მერე ლეო ესაკიამ „ბაში-აჩუკში“ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა და კინომ საბოლოოდ დაატყვევა.
კინომცოდნე კორა წერეთელი: „თეატრში პეპოსა და გოდუნის როლი ჰქონდა, კინოში — ბიჭიკოსი და აბდუშაჰილის… დოდო აბაშიძის გმირები ასე თვითმყოფადნი და ბუნებრივი არ იქნებოდნენ, თავად რომ არ სჯეროდეს, რომ მისი პერსონაჟები მართლა არსებობენ რეალურ ცხოვრებაში, მართლა ასე ფიქრობენ და იქცევიან“.
დრამატურგი სულიკო ჟღენტი: „დოდოს ყველაზე დიდი ღირსება ყოველთვის გრძნობითა და აზრით სავსე თვალებია. საკმარისია, კინოობიექტივი მის თვალებზე შეჩერდეს, რომ რეპლიკა საჭირო აღარ არის – ყველაფერს, რაც სიტყვით უნდა თქმულიყო, ზუსტად და მეტყველად გადმოსცემს თვალები. ბუნებამ ის არა მარტო ნიჭით დააჯილდოვა, არამედ, არაჩვეულებრივი კაცთმოყვარეობით და შესანიშნავი გარეგნობით“.
შვილის, ზაზა აბაშიძის მოგონებიდან: „მამას ბავშვობიდან ჰქონია მსახიობური ნიჭი. თურმე, ამხანაგებთან ერთად ეზოში სპექტაკლებს დგამდა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. არავის ეგონა, რომ კარგად ისწავლიდა, მაგრამ როგორც ნიჭიერ სტუდენტს, მალევე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდია მიანიჭეს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა, სადაც ექვსი-შვიდი წელი ითამაშა და რამდენიმე მთავარი როლიც შეასრულა. რეჟისორები თვლიდნენ, რომ თეატრში მას დიდი მომავალი ჰქონდა. შილერის „ყაჩაღებში“ როლერი ითამაშა. წლების წინ ამ როლს, თურმე, ბაბუაჩემი თამაშობდა. სცენაზე დოდოს იმ კოსტიუმით მოუხდა გასვლა, რომლითაც მამამისი გადიოდა. მასზე ამოქარგული იყო ინიციალები „ვ.ა.“ ანუ ვანიკო აბაშიძე…“ ოჯახში მამა სულ სხვანაირი, ძალიან წყნარი იყო. არ მახსოვს, სახლში ჩხუბი ყოფილიყოს. მშობლებმა ერთადერთხელ იჩხუბეს და ისიც ჩემს გამო. ეს ამბავი დღემდე მწარედ მახსოვს. რომ გითხრათ, დოდო სახლში ძალიან ხალისიანი იყო, ასე ნამდვილად არ ყოფილა. შეეძლო, საათობით ხმა არ ამოეღო. თავის ოთახში იჯდა და ბევრს კითხულობდა. მსახიობისთვის მთავარი წიგნიერებააო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლექსი იცოდა, როლების ტექსტებს მაინც ვერ იმახსოვრებდა. მამას კოლეგები, დათო კვირცხალია და სოსო ლაღიძე იხსენებდნენ – ერთხელ თურმე მანქანით ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. ეროსის და დოდოს შეჯიბრი დაუწყიათ, ვინ მეტ ლექსს იტყოდა. მთელი გზა არ გაჩერებულან. ერთი დაამთავრებდა და მეორე იწყებდა. მთელი ქართული და რუსული პოეტები რომ ამოწურეს, ბოლოს დოდოს ბოდლერი წაუკითხავს. ეროსის ჯერი რომ დადგა, უთქვამს, მეტი აღარ ვიციო…
მამას უკანასკნელი ფილმი „ფესვები“ იყო, რომლის გამოსვლასაც ვეღარ მოესწრო. საოცარია, რომ „ფესვებში“ რაც მის გმირს დაემართა, მალე მამაც იმავე მდგომარეობაში ჩავარდა – ინსულტი ჰქონდა, ვეღარ მოძრაობდა, ორი წელი ასე იყო“.
დოდო აბაშიძე კაცობის, რაინდობის განსახიერება იყო. არაჩვეულებრივი გარეგნობით, ხალასი ნიჭით, კოლორიტული ხმით, სიარულის განსაკუთრებული მანერით, ერთგულებით, სიკეთის, მადლის უშურველად გაღების უნარით შეაყვარა თავი დიდსა თუ პატარას. ამ სიყვარულის ექოა ეს ტკივილიანი მოგონებაც და ხალხის მიერ გამოხატული ის დიდი სითბო, დღესაც რომ თან ახლავს „ვერისუბნელი აბდუშაჰილის“ გახსენებას.