რუსუდან პირველი
1900 წელს, ვენაში, ზიგმუნდ ფროიდის სქელტანიანი წიგნი გამოვიდა სიზმრის ანალიზის შესახებ და, იმ დღიდან მოყოლებული, ფსიქოლოგია, ანალიტიკური მუშაობის პერიოდში, სიზმარს ძალიან აქტიურად იყენებს. რა იყო ახალი რაც ფროიდმა თქვა — უპირველესად, ფროიდი წერს, რომ ეს არ არის უაზრო და სულელური ასოციაციების გროვა. მას გარკვეული საფუძველი და სიღრმე გააჩნია, ჩვენი ცხოვრების ფსიქიკური ნაწილია და იგი ანალიზს ექვემდებარება. რა არის სიზმარში საინტერესო, როგორ უდგება ამას ფსიქოლოგია — ამ თემაზე გვესუბრება ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების მერაბ მამარდაშვილის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ნონა ხიდეშელი.
- როგორც იუნგი განსაზღვრავს, სიზმარი ფსიქიკის თვითრეგულირებადი მცდელობაა ადამიანის გამთლიანებისა. ვინც სიზმრებით ძალიან სერიოზულად არის დაინტერესებული, იუნგის წიგნის „ფსიქოლოგია და ალქიმია“ წაკითხვას ვურჩევ. მასში ძალიან სერიოზულადაა განხილული, როგორც სიზმრები, ასევე მითოლოგია. იუნგი სიზმრებს ზედაპირულად (ჩვენი გონება აღიქვამს იმას, რაც ხდება მთელი დღის განმავლობაში და აქ სერიოზული არაფერია) და არქიტიპულად ყოფს. მისი აზრით, ჩვენი არაცნობიერი სფერო გაყოფილია პიროვნულ და კოლექტიურ არაცნობიერად. პიროვნული არაცნობიერი, დაბადების დღიდან, ჩვენი ცნობიერიდან, ჩამოყალიბებული, განდევნილი მასალაადა კოლექტიური არაცნობიერია, სადაც მითოლოგიური სიუჟეტები ღრმად ჩადის და იქიდან ამოაქვს მასალა. მთელი ანალიტიკური პროცესი იმ შეუცნობელი სფეროს შცნობას ემსახურება და სწორედ ამას ვუწოდებთ ფსიქოლოგები პიროვნების გამთლიანებას. ამიტომ ამბობდა ფროიდი, რომ სიზმრები არის რეპრესირებული სურვილების ასრულება.
- და მაინც, რა ხდება სიზმრის მომენტში?
- ფსიქოანალიტიკურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ არაცნობიერს ძალიან უცნაური სტრუქტურა აქვს და ჩვენ მას ვერასოდეს ვეხებით, ყოველთვის ირიბად ვაკვირდებით და, თვით ანალიტიკურ პროცესში, ასოცირების მეთოდით ვეხებით. როდესაც ადამიანი მოდის და გიყვება თავის წარსულზე, ის ხშირად მხოლოდ იმას იხსენებს, რაც მის ცნობიერებაში, მეხსიერებაში დარჩა. ადამიანს ასევე აქვს სუპერ ეგო, შინაგანი ცენზურა. იგი ყოველთვის თავს არიდებს საკუთარ წყვდიადს, იმიტომ, რომ ადამიანის არაცნობიერში ხშირადაა ჩვენს მორალთან შეუთავსებელი სურვილები და, სხვათა შორის, ფროიდი ამბობდა, რომ ნევროზი სურვილის მორალურ მხარესა და შესაძლებლობას შორის ჩნდებაო. ანუ, ჩვენი გონება განაპირობებს — მინდა, მაგრამ რაღაც არ შეიძლებაო. ყველა ადამიანს, ყველა ერს თავისი კულტურა, თავისი მორალი, თავისი ზნეობა აქვს. ადამიანის ფსიქიკურ სიღრმეებში კი ისეთი სიუჟეტები თამაშდება, რომ მას სულ არ აღელვებს ეს გარეგნული მორალი. იუნგი ამბობს, რომ ყველა ადამიანისთვის მასიური ტიპის სიზმრებია დამახასიათებელი. მაგალითად, სიზმარში ფრენა, ხტომა, გველები, ურჩხულები. კონფლიქტი სიზმარში ნიშნავს, რომ დიალექტიკური პროცესი მიმდინარეობს, ანუ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის კავშირი მყარდება. სიზმარს წინასწარი მოლოდინებით არასოდეს შეხვდეთ, რადგან ყველაფერს ისე დაინახავთ, როგორც თქვენ გსურთ. ეს არის გარკვეული ფასადი, ანუ სიზმარი, რომელიც სინამდვილეში ნიღბავს ძალიან შეუცნობელ სფეროს. თუ თქვენ სიზმრებში კონფლიქტი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ კონფლიქტია ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. როდესაც ინდივიდუალიზციის პროცესი იწყება ანუ, როდესაც ცნობიერი გადაწყვეტს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცნოს თავისი არაცნობიერი, ამ დროს დიდი ტრანსფორმაცია სიზმრებშიც იწყება. ადამიანი უფრო საშიშ სიზმრებს ნახულობს და ეს ლოგიკურია, მერე ეს სიზმრები ნელ-ნელა ტრანსფორმირდება და იწყება ჰარმონიული სიზმრები და ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში ბალანსი იწყება.
- ბევრი ადამიანი სიზმრის ახსნას ცდილობს, წიგნები და ბროშურებიც მრავლადაა გამოცემული….
- ცალსახად მინდა ვთქვა, რომ სიზმარი არასოდეს არის მკითხაობის დონეზე. მასში არაფერი რეალური, იმიტომ, რომ სიზმარი ძალიან ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური ასოციაციები. ეს ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებაა სიზმრებთან, ამას სჭირდება სერიოზული კვლევა.
სიზმარს ყველა თავისებურად ხსნის. დღეს მხოლოდ ფსიქოლოგის აზრს გავეცანით. ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი ტკბილ და კეთილ სიზმრებს გისურვებთ.