ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო და... უშანგი

© http://nnm.meევგენი ჩაზოვის წიგნის ყდა - როგორ მიდიოდნენ ბელადები
ევგენი ჩაზოვის წიგნის ყდა - როგორ მიდიოდნენ ბელადები - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მერაბ ხაჩიძე

 ტელევიზიის "ლიტერატურული პროგრამების რედაქციის" გვერდით დიდი ჰოლი იყო, რომელსაც "სალაყბოს" ვეძახდით. მოცალეობის ჟამს აქ ვიკრიბებოდით, სიგარეტის მოსაწევად, "ახალი" ჭორ-მართლის გასაგებად და ისედაც, უსაქმოდ და დროის მოსაკლავად. მაშინდელ ტელევიზიაში ბევრი საინტერესო და კოლორიტული ადამიანი მუშაობდა. მათ შორის — რეჟისორი უშანგი კაპანაძე. ახლაც ცოცხალია და ღმერთმა ჯანი და დღეგრძელი მისცეს. გარეგნულად — "შესანიშნავ შვიდეულში" რომ სოტეროა, იმასა და არჩილ გომიაშვილის "კოსტაიას" შორის "მერყეობდა". ლაპარაკში იშვიათად ერეოდა. მუდამ თითებში გაჩრილი, განუყრელი "კოლხეთით" სცემდა ბოლთას. საინტერესო ის იყო, რომ უშანგიმ იცოდა ყველაფერი. ჰქონდა უამრავი და "უტყუარი" ინფორმაცია. თავის ოთახში შებრუნებამდე შეკრებილებს რომელიმე ასეთ, "უტყუარ საბუთს" დაუგდებდა კამათისას ერთმანეთის დასახოცად და იქაურობას ეცლებოდა.

ერთ მშვენიერ დილას ბრეჟნევი მოკვდაო, მოგვახსენა და ზედმეტი რომ არაფერი გვეკითხა — ზეგ ტელევიზიითაც გამოცხადდებაო — დაუმატა. ბრეჟნევის სიკვდილი არავის გააკვირვებდა — კაი ხანი იყო, ორი "ლიჩნიკი" ყავარჯენივით ედგა გვერდებში, მაგრამ რამდენიმემ მაინც დაიტოვა ეჭვის უფლება, მათ შორის — მეც. ანდა, რატომ უნდა სცოდნოდა, თუნდაც ყოვლისმცოდნე უშანგის ამოდენა "სახელმწიფო საიდუმლო" სხვა, ოფიციალურ წყაროზე ადრე?! ორი დღის შემდეგ, დილით სამსახურში მისულს, კიბეზე ტელევიზიის მაშინდელი შეფი, ნუგზარ ფოფხაძე დამეწია და მითხრა: პროგრამების რედაქციიდან ჩამოვიდეს ჩემთან ვინმე, ბრეჟნევი მოკვდა და პროგრამა უნდა შევცვალოთო. წესი იყო, "დიდი კაცი" რომ კვდებოდა, დაკრძალვამდე მხოლოდ სამგლოვიარო მუსიკა ისმოდა ეთერში. არც ჩემი ყურებმდე გაცინებისა და არც ნათქვამისთვის — ბრეჟნევის სიკვდილი უშანგისგან რომ ვიცოდი ორი დღის წინ, დიდი ყურადღება იმ წუთში არ მიუქცევია. ეს ამბავი მოგვიანებით გაახსენდა, როცა…

 წავიდა ბრეჟნევი და მოვიდა ანდროპოვი. წინამორბედისგან განსხვავებით დიდხანს არ დასცალდა უბედურს, მაგრამ სხვაზე არდე, ეს ფაქტიც უშანგიმ "გამოიტანა კრემლიდან". ბრეჟნევის მერე კი, შეკამათება ვეღარ ვაკადრეთ.  მეორე დღეს ნუგზარ ფოფხაძესთან შევედი. ალღომ არ უღალატა — რაღაც "მამაძაღლობისთვის" ხარ მოსულიო — მითხრა. უშანგი კაპანაძის ინფორმაციით ანდროპოვი მომკვდარა და თქვენ თუ ხართ საქმის კურსშიმეთქი ვკითხე "ფრთხილად". მაშინ გაახსენდა  ის "წინა შემთხვევაც". ერთხელაც, გაგაციმბირებენ ორივეს თქვე საწყლებო და მე ვერ გიშველითო — დაუმატა. ამ საუბარში ვიყავით, ტელეფონმა დარეკა. წუთიც არ ულაპარაკია. ყურმილი დაკიდა, შემომხედა და სიცილი ვერ შეიკავა. მერე ძალიან "თბილად" (რა თქმა უნდა ისევ ღიმილით) "მოიკითხა" ჩემი და უშანგი კაპანაძის მოკეთეები. 

 წავიდა ანდროპოვი და მოვიდა ჩერნენკო. უშანგის ავტორიტეტი კი, "უტყუარი" ინფორმაციების გამო, იმდენად გაიზარდა, რომ არ უკადრია, თორემ რომ ეთქვა, ხვალ მთვარეზე მივფრინავ და გამაცილეთო, ვიღაცები შესაძლოა, მართლა გაყოლოდნენ.

 ამის შემდეგ კაი ხანი გავიდა. ნუგზარი გეძახისო — დამირეკა მისმა მდივანმა. კაბინეტში რომ შევედი, კარი მიხურული არ მქონდა: უშანგის ხომ არაფერი შემოუთვლიაო — პირდაპირ რომ მომახალა.

  ამ ამბებს აქ ვყვები მოკლედ თორემ, იქიდან იქამდე დიდი დრო იყო გასული და აღარც მახსოვდა. ამიტომ ჩემი მასთან დაბარება, უშანგისთან ვერაფრით დავაკავშირე. ცოტა გაკვირვებულმა მხრები ავიჩეჩე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ერთი კი იყო. ალღოს არც ჩემთვის უღალატია იმ წუთში და მივხვდი, რაღაც "კაი" მოხდებოდა. 

— კარგად მომისმინე! ამ დილით გავიგე, რომ ჩერნენკო მომკვდარა. მართალია, მე ეს ინფორმაცია პირადად შევარდნაძისგან ვიცი, თვითონ დამირეკა და მითხრა, მაგრამ თუ კაცი ხარ, ყოველი შემთხვევისთვის უშანგი კაპანაძესთან მაინც გადაამოწმე, არაფერი შეგვეშალოს და თავი არ მოგვეჭრასო!  გულიანად ვიცინე. 

როგორც ამბობენ, ამ ამბავზე როცა მოუყვნენ, შევარდნაძემაც ბევრი იცინა და მოსკოვში გადავიდა საგარეო საქმეთა მინისტრად. 

 იმ პერიოდში უშანგიმ კიდევ გაახმოვანა ერთი ინფორმაცია, მაგრამ ამაზე, როგორმე სხვა დროს იყოს… 


ყველა ახალი ამბავი
0