თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს ეწვევა, — იუწყება ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
მინსკში ბელარუსი–საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების ფარგლებში, მომავალი ვიზიტის დეტალებზე იმსჯელეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ.
„მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული ურთიერთგაგებისა და ნდობის მაღალი დონე და დააფიქსირეს 2015 წელს კონტაქტების ყველა დონეზე გააქტიურება“, — ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს იმ შეთანხმებების შესრულებაზე, რომლებიც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტისას გაფორმდა მიმდინარე წლის აპრილში.