თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველს, ჯანო ანანიძეს მარცხენა ტერფზე ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაცია ფინეთში, ქალაქ ტურკუში ჩატარდა. ინფორმაციას ამის თაობაზე „სპარტაკის“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
12 ნოემბერს ანანიძე მოსკოვში დაბრუნდება. ნახევარმცველის რეაბილიტაციის ვადებსა და გეგმაზე „სპარტაკის“ სამედიცინო შტაბი ფინელ კოლეგებთან ერთად მსჯელობს, რაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ტრავმების გამო ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონზე სულ სამი მატჩი ითამაშა „სპარტაკის“ შემადგენლობაში და მინდორზე საერთო ჯამში 87 წუთი გაატარა.
ანანიძე „სპარტაკში“ 2009 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან 116 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლი გაიტანა. 2013/2014 წლების სეზონზე ქართველი ფეხბურთელი „როსტოვს“ ჰყავდა აყვანილი იჯარით, რომლის შემადგენლობაშიც 25 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.