საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიაში შეხვედრებს პირველად გამართავს

© photo: press-service Ministry of Defence of Georgia თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს თავის იაპონელ კოლეგა გენ ნაკატანისთან (Gen Nakatani) და ორ უწყებას შორის ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელს.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოთხშაბათს, 11 ნოემბერს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს თავის იაპონელ კოლეგა გენ ნაკატანისთან (Gen Nakatani)  და ორ უწყებას შორის ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელს.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები ვიწყებთ თანამშრომლობას. ჩვენ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოვაწერთ ხელს, რომლის ამოცანაც კონკრეტული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებაა“, – განაცხადა ხიდაშელმა. 

მემორანდუმის ფარგლებში საქართველო და იაპონია თავდაცვითი სისტემების განვითარების საკითხებში ითანამშრომლებენ, მათ შორის – კვლევით და საგანმანათლებლო პროგრამებში.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია შეხვედრები იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის აკადემიაში.

„ჩემი სურვილი და ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს თანამშრომლობა საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის აკადემიებს შორის. მოგეხსენებათ, იაპონია სპეციფიკური ქვეყანაა ამ თვალსაზრისით, ამიტომ იმგვარი სამხედრო თანამშრომლობა,როგორიც სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს, ამ ქვეყანასთან არ იქნება“, – აღნიშნა ხიდაშელმა. 

ვიზიტის მსვლელობისას ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელთან სეიგო კიტამურასთან (Seigo Kitamura), იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე–მინისტრთან მიკი იამადასთან (Miki Yamada), ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებთან და ასევე იაპონიის თავდაცვის ყოფილ მინისტრ იურიკო კოიკესთან (Yuriko Koike).

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს თინათინ ხიდაშელი იაპონიის თავდაცვითი ძალების საჩვენებელ გამოსვლას დაესწრება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0