თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ქართული ავიაკომპანიები ეგვიპტეში ფრენებს კვლავ განაგრძობენ, ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი საელჩოსთვის რაიმე სახის დახმარების თხოვნით, ამ დრომდე არ მიუმართავთ, იუწყება ქართული მედია.
რუსული ავიალაინერ А321 с 217-ის მიერ ეგვიპტეში განცდილი კატასტროფის შემდეგ, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის რიგმა ქვეყნებმა ეგვიპტეში ავიაფრენები დროებით შეწყვიტეს.
საქართველოდან ეგვიპტეში ავიაფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სახელისუფლებო დონეზე უნდა იქნას მიღებული, თუმცა, ქართული მედიის ინფორმაციით, არც ერთი კომპანია ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა და ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება.
თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაკონპანიებს ეგვიპტეში ფრენისას აუცილებელი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
ამ დრომდე ეგვიპტეში არსებულ საქართველოს საელჩოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რაიმე სახის დახმარებისთვის არ მიუმართავთ. საქართველოს დიპკორპუსს ეგვიპტეში მყოფი ქართველების რაოდენობის შესახებ მონაცემები არ გააჩნია, რადგანაც მოქალაქეები ძირითადად ტურისტული სააგენტოების მომსახურებით სარგებლობენ.
ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილმა ლაინერმა Airbus-321-მა, რომელიც შარმ-ელ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 31 ოქტომბერს ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნზულზე კატასტროფა განიცადა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფამ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი იმსხვერპლა.